26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე 3 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან (მათ შორის ჩინეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან) გამოწერილ ყველა იმ ამანათზე, რომლის ღირებულებაც 150 ევრომდეა, 3 ევროს ოდენობის საბაჟო მოსაკრებელი წესდება. აქამდე აღნიშნული კატეგორიის გზავნილები მსგავსი ბაჟისგან სრულად თავისუფლდებოდა.

ახალი წესის მიხედვით, გადასახადი არა მთლიან ამანათზე, არამედ მასში მოთავსებული ნივთების ტიპების (კატეგორიების) მიხედვით დაითვლება. მაგალითად, თუ ერთ ამანათში სხვადასხვა ტიპის ნივთები (მაგ. 1 კალამი და 1 რვეული) დევს, მომხმარებელს 6 ევროს (პლუს დღგ) გადახდა მოუწევს, ხოლო თუ ამანათში ორი ერთნაირი კალამია, ეს ერთ კატეგორიად ჩაითვლება და მოსაკრებელი 3 ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ნივთის უკან დაბრუნების შემთხვევაში, გადახდილი მოსაკრებელი მომხმარებელს არ აუნაზღაურდება, გარდა წუნდებული პროდუქციის შემთხვევებისა.

ექსპერტების შეფასებით, 5 და 10-ევროიანი იაფიანი ნივთების გამოწერა ფინანსურად აღარ იქნება ისეთივე მომგებიანი, როგორც აქამდე იყო. მომხმარებლებს მოუწევთ ყურადღებით შეამოწმონ, რეალურად საიდან იგზავნება ნივთი, რათა დამატებითი, დამალული ხარჯების წინაშე არ აღმოჩნდნენ.

რა გახდა ცვლილებების მიზეზი?

ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეთანხმების მთავარი მიზანი Shein-ისა და Temu-ს მსგავსი აზიური პლატფორმებიდან იაფი იმპორტის მასშტაბური ნაკადის შემცირებაა. ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის განცხადებით, უბაჟო შემოდინება იწვევს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ადგილობრივი გამყიდველებისთვის, ზრდის თაღლითობის დონეს და მასობრივი გადაზიდვების გამო უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე.

სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირში 4.6 მილიარდი მცირე ზომის ამანათი შევიდა (რაც წამში 145-ზე მეტია), რომელთა 91% ჩინეთიდან მოდიოდა. საკითხი მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ეხება — ევროკომისიამ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ იაფი იმპორტირებული საქონელი ხშირად არ შეესაბამება ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს და შეიცავს ჯანმრთელობის რისკებს.

Temu-ს დასანქცირება და მავნე პროდუქტების რისკი

ამ გადაწყვეტილებამდე, მაისში, ევროკომისიამ ჩინური ონლაინ პლატფორმა Temu ციფრული სერვისების შესახებ კანონის (DSA) დარღვევისა და არალეგალური პროდუქციის გაყიდვის გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

ევროკომისიის გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა საიდუმლო შესყიდვებმა (Secret Shopping) აჩვენა, რომ Temu-ზე ხელმისაწვდომი ელექტროდამტენების დიდმა ნაწილმა ვერ გაიარა უსაფრთხოების ძირითადი ტესტები და ხანძრის გაჩენის საფრთხეს ქმნიდა. გარდა ამისა, ბავშვის სათამაშოების მაღალ პროცენტში აღმოჩნდა ქიმიკატები, რომლებიც კანონით დადგენილ ლიმიტს აჭარბებდა, ან შეიცავდა იოლად მოსახსნელ ნაწილებს, რაც ბავშვის დახრჩობის საშუალო და მაღალ რისკს წარმოშობდა.

კომისიის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო პლატფორმაზე არსებული უკანონო პროდუქტების სისტემური რისკების იდენტიფიცირება და მომხმარებელთა ზიანის შეფასება. ჯარიმის გარდა, Temu-მ მიმდინარე წლის 28 აგვისტომდე უნდა წარადგინოს ხარვეზების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმა, რომლის შესაფასებლად ევროკომისიას 2 თვე ექნება.

თავის მხრივ, კომპანია Temu ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ჯარიმას არაპროპორციულად მიიჩნევს და ამჟამად სამართლებრივი რეაგირების გზებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
შემდეგი სტატიააშშ-ში წყალდიდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა