საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (745.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 24.8%-ით ნაკლებია 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
შემოსული გზავნილების 17.64% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 49.13 მილიონი დოლარი, რაც 69.32%-ით ნაკლებია 2023 წლის აპრილთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.63%), საიდანაც გასულ თვეში 46.31 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 35.39%-იანი ზრდაა და ამ მონაცემით აშშ-მ იტალიასაც გადაუსწრო.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში აპრილის თვეში ფულადი გზავნილების სახით 116.41 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც მთლიანი მოცულობის 41.8% და გასულ წელთან შედარებით 12.52%-იანი ზრდაა.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია – $49.13 მლნ;
აშშ – $46.31 მლნ;
იტალია – $45.8 მლნ;
საბერძნეთი – $21.91 მლნ;
გერმანია – $20.71 მლნ;
ისრაელი – $19.89 მლნ;
ყაზახეთი – $12.25 მლნ;
თურქეთი – $8.09 მლნ;
ესპანეთი – $5.61 მლნ;
ყირგიზეთი – $5.52 მლნ;
ირლანდია – $5.15 მლნ;
საფრანგეთი – $4.94 მლნ;
აზერბაიჯანი – $3.73 მლნ;
გაერთიანებული სამეფო – $3.41 მლნ;
პოლონეთი – $2.89 მლნ;
მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია.
მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრები.