EU-ს მიერ საქართველოს დასანქცირება, შეიძლება, ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს-რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის. მისი ლოგიკით, ეს “საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას”.

ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, “ქართული ოცნების” წევრების მსგავსად, ამტკიცებს, რომ საკამათო კანონის [იგულისხმება რუსული კანონი] ქართული ვერსია უფრო ლოიალურია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში შემოღებული კანონები. მისი მტკიცებით, თუ განათლებული ხალხი ამას ვერ ხედავს – “სავარაუდოდ, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია”.

“საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების შემოღება შესაძლოა სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ ჩამოართვას პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა”, – თქვა მან Ридус-სთან ინტერვიუში.

ლუგოვოი ამბობს, რომ რუსებს უყვართ ქართული სამზარეულო, ღვინო, ღირსშესანიშნაობები და რომ საქართველოს და რუსეთს ერთი რელიგია აერთიანებთ. “ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების მსგავსად, ისიც ამტკციებს, რომ დასავლეთი უპატივცემულობას იჩენს იმ ქვეყნის მიმართ, რომლის 20%-იც რუსეთს აქვს ოკუპირებული.

“ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ მოიქცა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ მოქმედებენ ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ და მათი სუვერენიტეტის მიმართ”, – განაცხადა ლუგოვოიმ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა
შემდეგი სტატიასახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 2 პირის მიმართ დევნა დაიწყო