EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძირითადად 3 მოწინააღმდეგე ჰყავს – უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირში ძირითადად 3 ქვეყანა ეწინააღმდეგება. ამ თემაზე ის ბრიუსელში ვიზიტის დროს DW-ს ესაუბრა.

მისივე თქმით, წევრი ქვეყნებიდან 7-მა ისაუბრა უკრაინისთვის სხვა ფორმატის შეთავაზებაზე და არა კანდიდატის სტატუსზე.

“საერთოდ, ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ – არა აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, როგორც თქვენ წარმოიდგინეთ – გააკეთეს წინადადებები სხვა ფორმატზე. ექსტრა კანდიდატურის შეთავაზება ან პირობითი კანდიდატურა. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ, ფაქტობრივად, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომლებსაც დღეს არ სურთ მწვანე შუქი აუნთონ უკრაინას”, – განაცხადა მან.

გამოცემასთან ვიცე-პრემიერს კონკრეტულად ეს ქვეყნები არ დაუსახელებია. მან თქვა, რომ დარწმუნებულია, 24 ივნისს ევროკავშირის არც ერთი ლიდერი არ ეტყვის “არას” უკრაინას.

Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას მომავალ კვირას გასცემს. სავარაუდოდ ეს 17 ივნისს მოხდება. მედიასთან წყაროები ყვებიან, რომ რეკომენდაცია მოჰყვება უკრაინისთვის გარკვეული პირობების დასახელებას, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული კანონმდებლობა.

გამოცემის ცნობითვე, ზოგიერთი ქვეყანა უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება, მათ შორისაა ნიდერლანდები და დანია. Bloomberg წერს, რომ გაეცნო დიპლომატიურ ნოტას, სადაც დანია აღნიშნავს, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა პატივისცემისა და მათი დაცვის საკითხებს. ნოტაში ნათქვამია, რომ კიევს დასჭირდება “ძირითადად გააუმჯობესოს თავისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო”, რათა პროგრესი მოხდეს ყველა ამ სფეროში.

მედიის ცნობით, იტალია, პოლონეთი, ლიტვა, ირლანდია და ესტონეთი საკითხს ემხრობიან. რაც შეეხება გერმანიას, ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე განაცხადეს, რომ შედეგი შესაძლოა, პირობითი კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყოს.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – ამორალურია, როცა გეუბნებიან, რომ დემოკრატიის და მედიის მაღალი სტანდარტი ყოფილა სააკაშვილი-გვარამიას სტანდარტი
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის უწყება – მარიუპოლი ქოლერის აფეთქების საფრთხის წინაშე დგას