ეთერია: ლიადინი მთავაზობდა მოსკოვის „ლოკომოტივს“, მე კი „რუბინი“ ვარჩიე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2020 12:46

ეთერია: ლიადინი მთავაზობდა მოსკოვის „ლოკომოტივს“, მე კი „რუბინი“ ვარჩიე

თ. ეთერია სსრკ ჭაბუკთა ნაკრებში 1968 წ.

ფეხბურთის ვეტერანებს და სტაჟიან გულშემატკივრებს ახსოვთ ოჩამჩირელი ნახევარმცველი თემურ ეთერია.1967-1968 წწ ის თამაშობდა სსრკ ჭაბუკთა ნაკრებში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ გახდა თბილისის „დინამოს“ წევრი. პირველად მას 1990 წელს შეხვდი: ოჩამჩირეში ადგილობრივი „ამირანისა“ და სოხუმის „ცხუმის“ მატჩის წინ „ცხუმის“ პრეზიდენტმა, სოხუმის „დინამოს“, კრასნოდარის „ყუბანისა“ და ლანჩხუთის „გურიის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, შემდეგ კი საკავშირო კატეგორიის მსაჯმა გურამ გაბესკირიამ ( 1947-1993) მითხრა: „თენგო,მინდა გაგაცნო პუსკა ეთერია (თემურის მეგობრები და ახლობლები პუსკას ეძახიან-თ.პ.), რომელზეც შენ გაზეთებში ბევრი წაგიკითხავს. ის თავისი ლამაზი თამაშით სიამოვნებას ანიჭებდა ქომაგებს, ერთ დროს ვიტალი დარასელიასთანაც თამაშობდა „ამირანში”.
პუსკას ბევრჯერ შევხვდრივარ – ოჩამირეში, სოხუმში, 1993 წლის შემდეგ კი თბილისში. წელს ის 70 წლის გახდება, იუბილის წინ ინტერვიუზე დავითანხმე.
.-გამიგია, რომ ბავშვობაში მხატვარი გინდოდა გამხდარიყავი!

თ. ეთერია ყაზანის „რუბინში“ 1969 წლის იანვარი, სოხუმი.

– მე დავიბადე და გავიზარდე ოჩამჩირეში, მამაჩემი იპოლიტე ეთერია და დედა მერი ცინცაძე ჩემ მომავალს სწავლასა და მხატვრობაში ხედავდნენ და არა ფეხბურთში. კი, ბავშვობაში კარგად ვხატავდი(იღიმის), მაგრამ ფეხბურთი უფრო მიტაცებდა და 11 წლის ასაკში ოჩამჩირის ფეხბურთის ახალგაზრდულ სკოლაში (ფშმ) დავიწყე ვარჯიში, ჩემი პირველი და საყვარელი მწვრთნელი იყო ამირან ტყებუჩავა. ის გვასწავლიდა, რომ ტექნიკისა და მოედნის ხედვის გარდა საჭიროა მაღალი სიჩქარე, ამიტომ მძლეოსან გოგონებთან ერთად ვარჯიშობდი – დავრბოდით ქვიშაზე, სანაპიროზე. 15 წლის ასაკში დავიწყე თამაში ოჩამირის „დინამოში“, 1967 წელს ჩემი თამაში შეამჩნია ლეგედარულმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ (1904-1974)-მანამდე ის იყო თბილისის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, 1965-1967 წწ კი მუშაობდა ტყიბულის „მეშახტეში“, რომელიც იმ დროს სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგაში გამოდიოდა. 17 წლის ასაკში მიმიწვიეს „მეშახტეში“, ანდრომ დამაყენა ძირითადში გასვლით მატჩებში ორჯონიკიძესა (ვლადიკავკაზი) და ტაგანროგში. ჩემ წარმატებულ თამაშზე გაუგია სსრკ ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, სსრკ დამსახურებულ მწვრთნელს ევგენი ლიადინს (1926-2011), მან მიმიწვია ჭაბუკთა ნაკრებში. 1967-1968 წწ ვთამაშობდი ამ ნაკრებში, რომლის რიგებში იმ წლებში თამაშობდნენ მომავალი ვარსკლავები ვიაჩესლავ ჩანოვი და ვიქტორ ზვიაგინცევი (იმ დროს დონეცკის „შახტიორში“ იყვნენ), ვლადიმერ ბუტურლაკინი (მოსკოვი „ტორპედო“), ვიტალი შევჩენკო („ნეფტჩი“), აგრეთვე ქართული საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლები ნუგზარ ჭითაური, ვოვა კოზინი(გორის მკვიდრი),ნოდარ კვანტალიანი, ზურაბ პეტრიაშვილი,მურმან ფენდერავა და სხვები. ლიადინი სულ ძირითადში მაყენებდა, მათ შორის 1968 წელს უნგრეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირის მატჩებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაკრებების წინააღმდეგ-უნგრეთში სსრკ ნაკრებში ქართველი მარტო მე ვიყავი და ამბობენ, კარგად ვითამაშე (იცინის). უნგრეთში გამართული ტურნირის შემდეგ ლიადინმა მითხრა: “თემურ, შენ 18 წლის ხარ, ჭაბუკთა ნაკრებში კი ხარ, მაგრამ ჯერ ვერ მოხვდები თბილისის „დინამოს“ ძირითადში, სადაც ვარსკლავები თამაშობენ. ამიტომ, გირჩევ ჯერ მოსინჯო შენი თავი მოსკოვის გუნდებში- შემიძლია მოგცე რეკომენდაცია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ან „დინამოში“, იქ გექნება საშუალება კარგად წარმოაჩინო შენი თავი, თბილისში ამას მიაქცევენ ყურადღებას და მერე, ვფიქრობ, მიგიწვევენ თბილისის „დინამოში“, სადაც შენ ოცნებობ ითამაშო”.

-თქვენ რა უპასუხეთ?
– თანხმობის მაგივრად ე. ლიადინს ვუთხარი, მირჩევნია ვითამაშო ყაზანის „რუბინში“, რომელიც იმ დროს გამოდიოდა სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგაში. მას ცოტა გაუკვირდა და მკითხა “რუბინში რატომ”? მე ვუპასუხე: “მე ჯერ პატარა ვარ, არ მინდა მარტო ვიყო მოსკოვში, ყაზანში კი ჩემი უფროსი ძმა ოთარი ცხოვრობს და სწავლობს ინსტიტუტში, ერთად ვიქნებით, ის ისწავლის-მე ფეხბურთს ვითამაშებ”.
ბატონმა ლიადინმა თბილად შემომხედა, გაიცინა და მითხრა: “ჯობდა მოსკოვის გუნდში გეთამაშა, მაგრამ თუ „რუბინში“ გინდა, გასაგებია, ყაზანშიც კარგი გუნდია, კარგი საფეხბურთი ატმოსფეროა“. აი ასე აღვმოვჩნდი „რუბინში“ -ეს იყო 1968 წლის ბოლო.
– „რუბინში“ როგორ მიგიღეს?

თ. ეთერია სსრკ ჭაბუკთა ნაკრებში 1968 წ.

– ძალიან თბილად. ყაზანში 1968 წლის დეკემბერში მატარებლით ჩავედი. გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ნიკოლაი სენტიაბრიოვმა და კლუბის უფროსმა ნიკოლაი მოჩალოვმა ძალიან თბილად მიმიღეს, შემიქნეს იმ დროისთვის კომფორტული პირობები. ფეხბურთელებისგან გამოვყოფდი გუნდის კაპიტანს ნიკოლოზ მარკოვს, ვიქტორ კოლოტოვს (1970 წწ კოლოტოვი იყო კიევის „დინამოს“ და სსრკ ნაკრების ერთერთი წამყვანი წევრი), ალბერტ ფაიზულინს და ნიკოლოზ პენზინს. დეკემბერ-იანვარში ჩვენ ვვარჯიშობდით დარბაზში ყაზანში, გვქონდა ამხანაგური მატჩებიც. ყაზანში ყოფნის დროს გავიცანი ქართული სათვისტომოს წევრებიც – ეს ძალიან მახარებდა. 1969 წლის იანვარში „რუბინის“ გუნდი, მათ შორის მე, ჩამოვედით შეკრებაზე სოხუმში-მარტში იწყებოდა მეორე ლიგის ჩემპიონატი და შეკრება უნდა გაგვევლო. სოხუმში წამოსვლის წინ მიგვიწვიეს ყაზანის ტელევიზიაში, დამრჩა ფოტოც.
სოხუმში „რუბინმა“ (მათ შორის მე) ჩაატარა რამდენიმე ამხანაგური მატჩი. ალმაათის „ყაირათთან“ მატჩს აკვირდებოდნენ სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელები,რომლებსაც თურმე ძალიან მოეწონათ ჩემი თამაში. მიმიწვიეს სოხუმის „დინამოში“: – „ რა გინდაო შორეულ ყაზანში, სოხუმში იქნები სახლთან ახლოს (ოჩამირემდე 55 კმ იყო), სოხუმის „დინამოს“ მატჩებს თბილისის „დინამოს“ წარმოამდგენლებიც თვალყურს ადევნებენ და სოხუმიდან თბილისამდე გზა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ყაზანიდან თბილისში“.

– და თქვენ ადვილად დათანხდით?
– არა, რას ამბობთ. მე ვუთხარი – თუ ოჩამჩირელი გოგო სვეტლანა ლატარია, რომელთანაც ვმეგობრობდი სკოლიდან, ცოლად გამომყვება, მაშინ ვითამაშებ სოხუმის „დინამოში“. სვეტლანა უკვე სტუდენტი იყო, სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში მოსკოვში, მე კი მეორე ლიგის ფეხბურთელი ვიყავი. ამ საკითხის მოგვარებაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. როგორც კი მივიღე თანხმობა სვეტლანა ლატარიასგან, მე დავთანხმდი სოხუმის „დინამოში“ გადასვლაზე. ახლა, ეს ყველაფერი, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასე იყო. მოკლედ , საფეხბურთო კუთხით ბევრი შეცდომა დავუშვი: არ მივიღე ლიადინის წინადადება მეთამაშა მოსკოვის „ლოკომოტივში“ ან „დინამოში“ (უმაღლესი ლიგის გუნდები), რაც გზას გამიხსნიდა თბილისის „დინამოსკენ“, ავირჩიე ყაზანის „რუბინი“ (მეორე ლიგის გუნდი). „რუბინში“ ვითამაშე ორი თვე სადაც კარგი პერსპექტივა მქონდა, თუმცა სოხუმის „დინამოს“ ხელმძღვანელების მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი არ ვთქვი, თუმცა კარიერის გაუმჯობესებისათვის სჯობდა ყაზანში დავრჩენილიყავი ერთი სეზონი მაინც.
სოხუმში ერთი წელი ვთამაშობდი, ზუგდიდელმა მეგობრებმა მთხოვეს მათთან გადასვლა მათი გუნდის გასაძლიერებლად: მე და კიდევ ორი ოჩამჩირელი ფეხბურთელი – აფხაზი ბიჭები ტოტო ხიბბა და ნუგზარ ძიაპშიპა ერთი სეზონით გადავედით ზუგდიდის გუნდში, რომელიც საქართველოს ჩემპიონატში გამოდიოდა.

თ. ეთერია ახალგაზრდობაში

-შემდეგ თამაშობდით ოჩამჩირის „ამირანში“ ?
– დიახ, 1971 წელს ბორის ადლეიბა (1931-1990) საქართველოს კომპარტიის ოჩამჩირის რაიკომის პირველი მდივნად დაინიშნა. იგი ყოფილი ფეხბურთელი იყო, ოჩამჩირის გუნდის მეკარე, მას სურდა ოჩამჩირის „ ამირანის“ გაძლიერება და საქართველოს ჩემპიონატში წარმატებული თამაში. მაშინ ადლეიბას მხარდაჭერითა და ხელშეწყობით „ამირანში“ მიიწვიეს გამოცდილი ფეხბურთელები – ვალერი ეზუხბაია, ვალერი დელბა, მე და კიდევ რამდენიმე მოთამაშე. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯერ შოთა რიგვავა (ხარკოვის „მეტალისტის“ ყოფილი ფეხბურთელი) , ხოლო შემდეგ ცნობილი სპეციალისტი ბონდო კაკუბავა იყვნენ. ბონდოს გაზრდილი იყო ვიტალი დარასელია (1957-1982) – ლეგენდარული ფეხბურთელი. ვიტალი 16 წლის ასაკში 1973 წელს გამოჩნდა „ამირანის“ გუნდში. მქონდა ბედნიერება მასთან ერთად მეთამაშა, 1975 წლის იანვარში ვიტალი თბილისის „დინამოს“ წევრი გახდა, მე კი თამაშს „ამირანში“ ვაგრძელებდი, თუმცა ორი წლის შემდეგ ტრავმების გამო 27 წლის ასაკში მივატოვე ფეხბურთი. მე ისე წავედი ფეხბურთიდან, რომ ვერ ავისრულე ოცნება – ვერ გავხდი საქართველოს წამყვანი გუნდის თბილისის „დინამოს“ წევრი. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, საფეხბურთო და ცხოვრებისეული ბევრი ტაქტიკური შეცდომა დავუშვი, სამწუხაროდ არ გავითვალისწინე უფროსების რჩევები, თუმცა ჩემი სიყვარული ფეხბურთისადმი უცვლელი დარჩა.
გულით ვქომაგობ საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებებს, ვმეგობრობ ვეტერან ფეხბურთელებთნ, განსაკუთრებით ოჩამჩირლებთან, სოხუმელებთან, გალელებთან. მე და ჩემი ოჯახი (მეუღლე სვეტლანა, ვაჟი თემური, ქალიშვილი ნინო, შვილიშვილები) ვცხოვრობთ საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანებისა და მშობლიურ ოჩამჩირეში დაბრუნების იმედით.

მასალა მოამზადა თენგიზ პაჭკორიამ

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 26, 2020 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics