არ შეიძლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება იყოს მოლაპარაკებების საგანი, მისი წინსვლა წევრობისკენ გარდაუვალია , – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ესტონეთის პრეზიდენტი შეეხო ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს და აღნიშნა, რომ სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები იქნება უკრაინის ეფექტური და გრძელვადიანი მხარდაჭერა ომის ცხელ ფაზაში, ასევე ნატო-ს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
„ნატო-მ უნდა გააგზავნოს ძლიერი სიგნალი, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – თქვა ესტონეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ისტორიაში არაერთი გაკვეთილი არსებობს, როცა აგრესორის დამშვიდება მშვიდობას მხოლოდ დროებით უზრუნველყოფს.
„თუ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პატივს არ ვცემთ, ეს მხოლოდ ახალ და უარესს ომამდე მიგვიყვანს მომავალში. ამის შედეგად რუსეთი და სხვა აგრესორები თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ“, – აღნიშნა კარისმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი სტრატეგია, რომელიც ახლა იმუშავებს, არის უკრაინისთვის რაც შეიძლება დიდი მხარდაჭერის აღმოჩენა.