ესპანეთში ორი ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის – „კუში 3“-ის შედეგად 2 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია დაკავებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ბორცვაძის ინფორმაციით, დაკავებულია 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. ( მეტსახელად „ჭია“).

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ინტენსიურ თანამშრომლობას. ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე დღის წინ ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული სპეცოპერაციის – „კუში 3“-ის შედეგად დაკავებულია 2 ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი. ესპანეთის ქალაქ მარბეიაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა 11 პირი დააკავეს, მათ შორის 2 ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტია“: 1978 წელს დაბადებული დ.ქ. (იგივე ი.ფ.) და 1989 წელს დაბადებული ლ.ბ. ( მეტსახელად „ჭია“).

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები აქტიურად იყვნენ ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ს 515-ე, 390-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დოკუმენტების გაყალბებას, კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და მკვლელობის მცდელობის მიზნით შეთქმულებას გულისხმობს. დაკავებული ქართველები ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდებიან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვასა და უკანონოდ შემოტანაში ბრალდებულს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიამშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტი თბილისში – შსს-მ გამოძიება დაიწყო