„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები და ჩვეულებრივი ხალხი, ქურდები გაუშვეს,ამ ხალხს კი დამცველი არავინ ჰყავს” -სააკაშვილი

„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები და ჩვეულებრივი ხალხი, ქურდები გაუშვეს, რადგან ფული ჰქონდათ და ადვოკატი აიყვანეს, ამ ხალხს კი დამცველი არავინ ჰყავს” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრაზე.

სააკაშვილის ინფორმაციითვე, მალე გერმანიაშიც იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტაციის შესახებ.

„ახლა ვნახე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, ვინმე ზალკანიანი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციასო. ანუ საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რათა ამ ხალხმა ვერ მიიღოს სტატუსი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობილია, რომ ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ საქართველო „უსაფრთო ქვეყნების” სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურა რთულდება.

„ის, რაც ახლა მონპელიეში ხდება არის ძალიან დამაზიანებელი მოვლენა” – ასე გამოეხმაურა თავშესაფრის მაძიებელთა აქციას საპარლამენტი უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა.

„ჩვენი მოქალაქეები აქციას მართავენ საფრანგეთში. ამბობენ, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ ითხოვენ, თუმცა უნდათ საქართველო არ იყოს აღიარებული უსაფრთხო ქვეყნად. ეს იცით რას ნიშნავს? თუ უსაფრთხო ქვეყანა არ ვართ, ე.ი. უვიზო მიმოსვლასაც არ ვიმსახურებთ.

ყველა, ვინც ამ თემით სპეკულირებს, და იქ მყოფი ადამიანების გაჭირვებით სარგებლობს, პირდაპირ იმას ემსახურება, რომ შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, რაც ასეთი დიდი შრომის ფასი დაგვიჯდა. ასეთი შედეგი პირდაპირ შედის რუსეთის ინტერესებში. სამწუხაროა, რომ ზოგიერთ პოლიტიკური პარტიის თუ ჯგუფის ინტერესიც ეს არის დღეს. არავის ანაღვლებს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერება მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ იქნება. თუ ეს შედეგი დადგა, ეს იქნება თითოეული მოქალაქისთვის წართმეული უფლება კანონიერად გადაადგილდეს შენგენის სივრცეში.

უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება უნდა იყოს ყველა ჩვენგანის ინტერესი. მათ შორის ჩვენი ემიგრანტების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამ საშუალება მისცა ენახათ დიდი ხნის უნახავი და მონატრებული ოჯახის წევრები და ახლობლები. მიკვირს ამ პროვოკაციაზე რომ მივდივართ და მზად ვართ ჩვენი ხელი ხელით მოვისპოთ ეს შესაძლებლობა”, – აცხადებს ხულორდავა.

banner
წინა სტატიაში15 წლის ბიჭმა, რომელსაც შიოდა, მაგრამ დახმარების თხოვნის სცხვენოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატია„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს