5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ესპანეთის ვიცე-პრემიერი: მადრიდმა კონფლიქტში მონაწილე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა

მადრიდმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში მონაწილე ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა,– განაცხადა ესპანეთის ვიცე-პრემიერმა, კარლოს კუერპომ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობაზე ან მათ ხელშეწყობაზე უარის თქმას გულისხმობს.

კუერპოს განმარტებით, აკრძალვა სრულ შესაბამისობაშია მადრიდის ადრეულ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც, აშშ-სა და ისრაელის ძალებს ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენება საბრძოლო მოქმედებებისთვის შეეზღუდათ.

მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ეს პოზიცია ამერიკულ მხარეს კონფლიქტის დაწყებისთანავე მკაფიოდ ეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი აშშ-ს ლოგისტიკურ მხარდაჭერას კვლავ გაუწევს და საგანგებო სიტუაციების დროს საჰაერო სივრცეში დაშვების უფლებას მისცემს, საბრძოლო მისიებისთვის ქვეყნის ტერიტორიის პირდაპირი გამოყენება აიკრძალება.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულმა შეზღუდვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს B-2 Spirit-ის ტიპის ბომბდამშენების გადაფრენებზე, რომლებიც ტრანსატლანტიკურ რეისებს მისურის შტატიდან ირანის მიმართულებით ხშირად სწორედ ესპანეთის გავლით ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობა ირანში მიმდინარე ომს ცალმხრივად დაწყებულ და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევს. სანჩესის კაბინეტი ევროპაში ვაშინგტონის სამხედრო კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. ამან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო პერიოდში უკიდურესად დაძაბა. პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მკაცრმა პოზიციამ ვაშინგტონის ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტითაც კი დაიმუქრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ესპანეთის მთავრობას “არამეგობრულიც” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას წარადგენს
შემდეგი სტატიათერჯოლის, ზესტაფონისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება