12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“ეს ჟურნალია, კინო აწი იქნება”- ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და გამოძიების მიმდინარეობაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

საგამოძიებო პროცედურის დასრულების შემდეგ ჟორჟოლიანმა მედიასთან განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მომხდარ უამრავ ბურუსით მოცულ საქმეზე აქვს პასუხები.

ჟორჟოლიანის თქმით, მოქმედი ხელისუფლების მცდელობა, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციასთან დააკავშიროს, უშედეგო იქნება.

„ირაკლი კობახიძეს აქვს მცდელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან შექმნას “ნაცი”, მაგრამ არ გამოუვა, იმიტომ რომ ღარიბაშვილი გაცილებით უფრო მეტად “ქოცია”, ვიდრე კობახიძე, ამიტომ ეს სპეცოპერაცია არ გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს ირაკლი კობახიძეზე, ყველა იმ მაღალჩინოსანზე, რომელიც დღეს ბრალდებულია, ციხეში ზის თუ გაქცეულია“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ეპიზოდებზე, რომლებზეც, მისი მტკიცებით, ექსპრემიერ ღარიბაშვილს სრული ინფორმაცია გააჩნია.

„ღარიბაშვილს შეუძლია მოჰყვეს, რა დაემართათ იმ სპეცრაზმელებს და რუსეთის წინააღმდეგ მეომარ ჯარისკაცებს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტრომ მათი სია რუსებს გადასცა და ყველას მკვლელობა თუ გარდაცვალება ძალიან ბურუსით მოცული იყო. ასევე, რა მოხდა რაფალიანცის მკვლელობაზე, ციხის კადრებზე — მოკლედ, ირაკლი ღარიბაშვილს იმდენი რამის მოყოლა შეუძლია, ვფიქრობ, რომ ეს ჟურნალია და კინო აწი იქნება. თქვენს მინისტრებს, პრემიერსა და ბიძინა ივანიშვილს აქვთ ყველა ინფორმაცია, უკავშირდება თუ არა მათი სახელები ბურუსით მოცულ მკვლელობებს“, — აღნიშნა ჟოჟოლიანმა.

საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების მიზეზები ეჭვქვეშ დააყენა და „კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“ მომხდარ გაურკვეველ თვითმკვლელობებზე ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტს ადასტურებს, საჯარო განცხადებების საფუძველზე გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის: ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვები. საქმის ფარგლებში უშუალოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოიკითხა თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე მოწმედ დაკითხვას ითხოვს: ჩაწერილი მაქვს საუბარი აგენტურულ საქმიანობაზე
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსულმა დრონმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცენტრალურ შენობას დაარტყა