ეს ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც დაკავშირებულია პარლამენტის საქმიანობასთან – სალომე სამადაშვილი პარლამენტის თბილისში გადმოტანაზე

„ვერანაირი დეცენტრალიზაცია ვერ ხდება,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა იმ ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა, რომელიც რეგლამენტში შედის და პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას გულისხმობს.

სალომე სამადაშვილის თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანით ქუთაისელები დამატებით ფინანსურ შემოსავალს დაკარგავენ.

„ეს პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ჯერ კიდევ 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვერანაირი დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ქუთაისში როგორ ცხოვრობს ხალხი თქვენ თვითონ ჩამოდიხართ და ხედავთ, ვერანაირი სამუშაო ადგილები ვერ იქმნება. რა თქმა უნდა, ის, რომ ჩვენ აქ აღარ ჩამოვალთ უკვე ორ კვირაში ერთხელაც კი, როდესაც დღეს ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდის პარლამენტი ქუთაისში, შესაბამის ზეგავლენას მოახდენს იმ ხალხზე, ვინც არის დაკავშირებული ამ პარლამენტის საქმიანობასთან,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. საკანონმდებლო ორგანო თბილისში იანვრიდან გადავა.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შსს-ს პოლიციის აკადემია და 112 განთავსდება.

“ქართული ოცნება” 2012 წლიდან აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას იმის გამო, რომ პარლამენტი ნაწილობრივ ქუთაისში ფუნქციონირებდა. ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი კონსტიტუციიდან ამოიღეს ჩანაწერი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი.

banner
წინა სტატიაშიოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
შემდეგი სტატიარაც მეტ ინფორმაციას გადასცემს დამალული და კონსპირაციული საქმიანობის შესახებ უკეთესი იქნება – ვოლსკი “ომეგა ჯგუფის” საქმეს და ოქუაშვილის განცხადებას ეხმაურება