”ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული დიპლომატიისთვის”- ჯანელიძემ 2016 წელი შეაჯამა

წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წელს ქართული დიპლომატიისთვის წარმატებული უწოდა და განაცხადა, რომ ეს წელი ისტორიაში შევა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის წელი.

”ეს წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული დიპლომატიისთვის, საგარეო პოლიტიკისთვის. პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 2016 წელი შევა ისტორიაში როგორც ახალი ეტაპი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების. ივლისში, ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება და სრულად ამოქმედდა. ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და კეთილდღეობის გარანტი და ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, შერიგების და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საწინდარი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით საქართველო აგრძელებს პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით.

”პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ეს დისკუსიები და რაუნდები, რომელიც იმართება რეგულარულად, საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. არ არის პროგრესი ძირითად საკითხებზე, რომელიც აქტიურად დგას დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან და ხდება ამ საკითხების გადაჭრის მიმათულებით საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, მაგრამ სამწუხაროდ, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების გამო ამ ფორმატში ძირითად საკითხებზე არ არის პროგრესი”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: იმედია, სააკაშვილი გაიაზრებს, თუ რამხელა ზიანს აყენებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ ქვეყანას
შემდეგი სტატიაე.წ. ბორბლებზე მყოფ სავაჭრო ობიექტებს რეგულაციები უწესდებათ