,,ეს თავხედური ფარსია” – პაპუნა დავითაის განცხადებით წულუკიანმა სააკაშვილის დროინდელი მიღწევა მიითვისა

პაპუნა დავითაია თეა წულუკიანის განცხადებას, ლევილის მამულის გადმოცემასთან დაკავშირებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა.
„გუშინ კიდევ ერთხელ გავხდით საქართველოს მოქმედი მთავრობის მხრიდან უკვე ტრადიციად ქცეული ტყუილის და ცინიზმის მოწმე. როდესაც მათ ვითომდა რამე ახალ შედეგს მიაღწიეს ლევილის მამულის გადმოცემის საქმეში. ეს იყო თავხედური ფარსი და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობა იმ ძალის მიერ რომელსაც არც ფანტაზია, არც ნება და კომპეტენცია არ ჰყოფნის რაიმე ახლის გასაკეთებლად. რომელიც დღესაც კი მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წლის შემდეგ მხოლოდ პლაგიატითა და სხვების მიერ უკვეგაკეთებული საქმეების თავის თავზე მიწერით არიან დაკავებული.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეთანხმება რომელიც გუშინ 26 მაისს მინისტრებმა წულუკიანმა და დუმბაძემ ორგანიზაცია “ქართული კერის” წარმომადგენლებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით გააფორმეს სინამდვილეში 5 წლის წინ 2011 წლის 23 მაისს იყო გაფორმებული. მეტიც მოლაპარაკებები წარმატებით იყო დასრულებული საფრანგეთის ხელისუფლებასთან რომლის მხარდაჭერასაც მოითხოვდა იმ პროექტის განხორციელება რომელზეც ჩვენ, მაშინდელი საქართველოს მთავრობა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის შთამომავლები შევთანხმდით. 2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ, თბილისში მისი ვიზიტის დროს გაახმოვანა მისი სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა აღნიშნული პროექტისადმი .https://www.youtube.com/watch?v=OhGSAN7jRdY&feature=youtu.be (13:14 წუთიდან)
მეტიც მე ხელთ მაქვს არქიტექტურული ესკიზები რომელიც დეტალურად ასახავს ლევილის შატოში დაგეგმილი ქართულ-ფრანგული საგანმანათლებლო კულტურული ცენტრის პროექტს და რომელიც მე ჩემს ადგილმონაცვლეს 2012 წელს გადავაბარე რათა დარჩენილი საქმე გაეგრძელებინათ და 2014 წლისთვის აღნიშნული ცენტრი გახსნილიყო.

ძალიან სამწუხაროა რომ საქართველოს მთავრობა, ნაცვლად იმისა რომ ახალი იდეებითა და პროექტებით აგრძელებდეს ქვეყნის წინსვლას, დაკავებულია მათი წინამორბედების გაკეთებული საქმეების პლაგიატით. ამ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში კი იხარჯება ჩვენი ქვეყნისთის ძალიან ძვირფასი დრო და ფინანსური რესურსები.“

 

 

banner
წინა სტატიაში30 მაისს სამტრედიას და ხონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიასტუდენტები განათლების მინისტრთან – შალვა საბაურმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა