ეს სქემა არის კლასიკური ნიშანი იმისა, რომ აქ არის რეკეტი, ქონების უკანონო წართმევა, ფულის გათეთრება

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სკანდალურ აუდიოჩანაწერს და ფოტომასალას ეხმაურება, სადაც თამბაქოს წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

„ეს ჩვეულებრივი კორპორატიული სქემაა, აბსოლუტურად გასაგები ბალანსით, უბრალოდ, ეს 50 პროცენტის მფლობელი, რომ ჩნდება იქ უცნაურად, ეგ არის მანდ გაუგებარი აბსოლუტურად, იმიტომ, რომ TT და OGT, რომ იქნებოდნენ წილების თანამფლობელები, ეს იქნებოდა გასაგები, მაგრამ ეს 50 პროცენტიანი მეწილე ბიძინა ივანიშვილის სახით და მისი პარტია ბიძინა ივანიშვილად უნდა განვიხილოთ იმიტომ, რომ თუ ამგვარად არ მოიპოვებს მისი პარტია ფულს, მაშინ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააფინანსოს ანუ ეს რეალურად ბიძინა ივანიშვილის ჯიბის შევსებაა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას შეფასებით, მმართველი პარტია „დანაშაულებრივ სინდიკატად“ ჩამოყალიბდა, რადგან ამგვარად მოპოვებული თანხებით ფინანსდება.

გვარამიას თქმით, სქემიდან ელიტური კორუფციის გარდა თამბაქოს წარმოებაზე მონოპოლიის დამყარების სურვილი იკვეთება.

„მივიღეთ ის, რომ შემოსავალი მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მცირე შემოსავალს მიიღებდა ორი საწარმო, მაგრამ დღეს ერთი მოხსნილია საერთოდ და მონოპოლია მაინც არსებობს იმიტომ, რომ კონკურენტი მოკლეს საერთოდ და არა გააერთიანეს და დღეს იგივე ვითარებაა ზემოთ, „ქართული ოცნება“ ფინანსდება ამ ბინძური, მოპარული ფულით და სამაგიეროდ რა მივიღეთ, ბაზარზე თამბაქო არის გაძვირებული,“ – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ყველაფერი გათვლილი იყო იმისკენ, რომ „ომეგა ჯგუფს“ ტელეკომპანია „იბერიას“ დაფინანსების საშუალება აღარ ჰქონოდა.

„ბიძინა ივანიშვილი არის ისტერიული პანიკიორი ტელევიზიებთან დაკავშირებით. მას, ჯერ ერთი, ყველა ტელევიზია პოტენციური „რუსთავი 2“ ჰგონია და მეორე, ზოგადად, გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს „რუსთავი 2“-ზეც მათ შორის და ზოგადად, ტელევიზიებთან დაკავშირებით. მას ჰგონია, რომ ტელევიზიებს ყველაფერი შეუძლიათ და ამაში ხედავს უზარმაზარ საფრთხეს. ტელევიზიებს არ შეუძლიათ ყველაფერი, ყველაფერი შეუძლია მის სისულელეს, იმას, რომ ის ვერ მართავს ქვეყანას,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის თქმით, ეს სქემა რეკეტის თვალსაჩინო მაგალითია და გვარამიას შეფასებით, მმართველი პარტია “კრიმინალური დაჯგუდებას” წარმოადგენს.

“ჩვენ გვყავს მთელი პოლიტიკური კლასი, მმართველი ძალა, რომელიც არის კრიმინალური, პირდპაირ შემიძლია ეს ვთქვა, მე არ ვგულისხმობ ცალკეული ამ კლასში მყოფი ადამიანების კრიმინალობას. თვითონ ეს ადამიანთა ერთობა არის კრიმინალური, ის ფინანსდება შავი ფულით, აქ საუბარი შეიძლება იყოს ფულის გათეთრებაზეც, რაც ინტერნაციონალური დანაშაულია… ეს სქემა არის კლასიკური ნიშანი იმისა, რომ აქ არის რეკეტი, ქონების უკანონო წართმევა, აქ არის ფულის გათეთრება და აქ არის პოლიტიკაში უკანონოდ ფულის შეტანა, რაც ფულის გათეთრების ძალიან მძიმე ფორმას წარმოადგენს,” – განაცხადა გვარამიამ.

დღეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა „კურიერმა“ გაასაჯაროვა, სადაც თამბაქოს წილების გადანაწილებაზე იყო საუბარი. სქემის მიხედვით, უნდა შეიქმნას ახალი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წარმოებული სიგარეტის რეალიზებაზე იზრუნებს. შემოსული თანხის 50% უნდა ჩაირიცხოს ფონდში, რომელსაც პირობითად პარტიას უწოდებენ და ეს სავარაუდოდ „ქართული ოცნებაა,“ 25%-25% უნდა განაწილდეს „ომეგა ჯგუფსა“ და „თბილისის თამბაქოს“ შორის.

https://youtu.be/5zibmzOxPbg

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – მარიხუანას თემაზე ვნებათაღელვა მოსალოდნელიც იყო, მთავარია, ჩვენ ადეკვატური ვიყოთ საზოგადოების, ასევე, ეკლესიის რეაქციაზე
შემდეგი სტატიარუსეთი და თურქეთი იდლიბის ირგვლივ ბუფერულ ზონას შექმნიან და თავდასხმა არ იქნება