ექსპერტები ბრიუსელის აფეთქებაზე – ეს სპეცსამსახურების ჩავარდნაა

ეს სპეცსამსახურების ჩავარდნაა

ბრიუსელში სამი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტმა კი დაზიანება მიიღო. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ბრიუსელის ტერაქტი პარიზის ნოემბრის მოვლენების მსგავსად განვითარდა. მით უმეტეს, რომ სალახ აბდესლამი, საქმეში ძირითადი ეჭვმიტანილი, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში დააკავეს.
ტერაქტების სერიისას ყოველთვის ჩნდება შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, როგორ იმუშავეს სპეცსამსახურებმა და როგორ შეიძლებოდა თავდასხმის თავიდან აცილება.

რატომ აირჩიეს თავდასხმისთვის ბრიუსელი?

პაველ კანდელი. ევროპის ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების სექტორის ხელმძღვანელი:

რატომ მაინცდამაინც ბრიუსელი? ეს შემთხვევითი არჩევანია. დაიგეგმა ასე. რაღაც ტექნიკური მიზეზებით ასე უფრო კომფორტული აღმოჩნდა. ეს შეიძლებოდა პარიზიც ყოფილიყო, ლონდონიც. რატომ ახლა, ესეც გასაგებია.
“ისლამური სახელმწიფო” თავის თავს გვახსენებს – რომ ის ისევ ძლიერია და მისი ჩამოწერა ძალიან ადრეა, რომ ორგანიზაციას უნარი აქვს წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს, ამასთანავე, ევროპის ნებისმიერ ტერიტორიას.

ბრიუსელი ასევე იმიტომაც, რომ იქ ძალიან ძლიერი მუსლიმი საზოგადოებაა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, რომელიც როგორც სრულიად ევროპაში, სუსტად არის ინტეგრირებული ბელგიურ საზოგადოებასთან.
კიდევ იმიტომ, რომ თუკი იმ ლტოლვილების ფოტოებს დავათვალიერებთ, რომლებიც ახლა მასობრივად შემოდიან ევროპაში, თვალში მაშინათვე გვხვდება ის, რომ მათგან ყველაზე მეტი ახალგაზრდები არიან, სამხედრო სამსახურის ასაკის.

დეივ სინარდეტი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი

შეიძლება თუ არა ეს აფეთქებები გასულ კვირას დაკავებული ისლამისტების გამო შურისძიება იყოს? ცხადია, რომ დაკავებები “ისლამური სახელმწიფოსთვის” და ბელგიელი ჯიჰადისტებისათვის დარტყმა იყო.
აბდესლამი ლოჯისტიკის მთავარ ორგანიზატორად სახელდება პარიზის ტერაქტებისას. მან დაიქირავა ბინა, ევროპაში გადაყავდა ბოევიკები, ბომბებისთვის კომპონენტებს ყიდულობდა. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, მისი დამხმარე მოჰამედ ბელკაიდი პოლიციამ მოკლა. ბელკაიდი სიკვდილის წინ “ისლამური სახელმწიფოს” დროშაში გაეხვა.

სავარაუდოდ, თავდასხმები ამ დროისთვის დაგეგმილი იყო და დაკავებების გამო მისი დროზე ადრე განხორციელება გადაწყვიტეს, რადგან იცოდნენ, რომ მათზე ნადირობა მიდიოდა.
სინამდვილეში, ბრიუსელი ელოდებოდა თავდასხმებს და ამისთვის ემზადებოდა უკვე პარიზის თავდასხმებიდან 10 დღის შემდეგ. ქალაქი რამდენიმე დღის მანძილზე სრულებით პარალიზებული იყო, ისევე, როგორც სამშაბათს, ადგილობრივებს ურჩიეს არ გასულიყვნენ ქუჩებში.

რატომ მოხდა ეს აფეთქებები ბრიუსელში, სადაც უკანასკნელი ხნის მანძილზე უსაფრთხოების უმაღლესი ზომები იყო მიღებული?

პიტერ ვან ოსტაინი, ბელგიელი ექსპერტი ჯიჰადისტების შესახებ:
ისლამისტებმა სატყუარას როლში არა მხოლოდ ბრიუსელი აირჩიეს. წლების მანძილზე ბელგია ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ იბრძოდა, ბელგიის ასობით მოქალაქე სირიასა და ერაყში “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში იბრძვის. ისლამისტების ბუდეები ბელგიის სხვადასხვა ქალაქში იქნა აღმოჩენილი, მაგრამ აქედან ყველაზე აქტიურები ბრიუსელშია, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც ბევრი მაროკოელი ცხოვრობს.

პარიზის ტერაქტებში მონაწილე რამდენიმე თვითმკვლელი ზუსტად ამ რაიონში ცხოვრობდა. სალახ აბდესლამი და მისი თანამზრახველიც ამ რაიონში დააკავეს რამდენიმე დღის წინ. ბევრი ბელგიელი ელოდებოდა ჯიჰადისტებისგან პასუხს, მე ვვარაუდობდი, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მაგრამ არა ასეთი მასშტაბისას.

დეივ სინარდეტი – თავისუფალი უნივერსიტეტი, ბრიუსელი

სავსებით ცხადია, რომ სპეცსამსახურებმა რაღაც გამოტოვეს. ცხადი გახდა, რომ წლებია უსაფრთხოებასა და ტერორისტულ საფრთხეებს საჭირო ყურადღება არ ეთმობა, თუმცა მსგავსი ტერორისტული თავდასხმები ძალიან რთულია იწინასწარმეტყველო, და ამის მაგალითია ლონდონის, პარიზის, მადრიდის შემთხვევები.
მიუხედავად ამისა, ბელგიელი სპეცსამსახურების ჩავარდნა სახეზეა.
კბილებამდე შეიარაღებულმა ადამიანებმა შეძლეს აეროპორტში შეღწევა, ცეცხლის გახსნა და შემდეგ თავის აფეთქება, ერთ საათში კი, ევროკავშირის შტაბ-ბინიდან ორ ნაბიჯში მამაკაცმა შეძლო მეტროში ჩასვლა და თავის აფეთქება.
ნოემბერში უშიშროების სამსახურებმა სპეციალური სწავლებები გაიარეს, ტერორისტული საფრთხე მეორე უმაღლეს დონედ დადგინდა, სამხედრო შენაერთები პატრულირებდნენ ქუჩებში.
პოლიციამ ვერ გაუძლო უწყვეტ ისლამისტურ მუქარებს. ამას დაემატა ინსტიტუციონალური პრობლემები.
ბრიუსელი შედარებით პატარა ევროპული დედაქალაქია, მაგრამ იქ 6 პოლიციის რაიონია. მისი შიდა სათვალთვალო კამერები იმაზე ნაკლებად არის განვითარებული, ვიდრე ლონდონსა და პარიზში.

კლინტ უოტსი, აშშ. ტერორიზმტან ბრძოლის ექსპერტი

კლინტ უოტსი პარიზის ტერაქტების შემდეგ წერდა ე.წ. “აისბერგის თეორიაზე” ტერორისტულ შეთქმულებებში. ყოველ თავდამსხმელზე რამდენიმე დამხმარე მოდის გეგმის რეალიზებისათვის.

ის, რასაც ჩვენ ვხედავთ – აისბერგის მწვერვალია. უოტსის აზრით, ბრიუსელის თავდასხმა პარიზის ტერაქტების შედეგია. გაურკვეველია ერთი რამ: ამზადებენ თუ არა ახალ სისხლისღვრას ისინი, ვინც აქამდე არ არის დაჭერილი.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო)ლუკა ფეიქრიშვილი:“ხელისუფლებას უფრო მალე შეეძლო ამ ატვირთული ვიდეოების აღმოფხვრა, ბლოკირება, ვიდრე მას დასჭირდა”
შემდეგი სტატიაბრიუსელში ჩხრეკისას ასაფეთქებლები და “ისლამური სახელმწიფოს” დროშა იპოვეს