“ეს შორიდან ჩანს როგორც პოლიტიკური თამაში,”- ხუხაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე საუბრობს

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით, აფასებენ ექსპერტები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება თუ მომხდარის გამო ურთიერთობა დაუბრუნდება არაკონსტრუქციულ რეჟიმს.

“როდესაც უკვე ნათელია შესაძლო კრიზისის ნიშნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული დაიწყოს ინტენსიური კონსულტაციები და მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში იმოქმედონ იმისათვის, რომ არ დაზარალდეს საერთო საქვეყნო ინტერესი. ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის თუ მომხდარის გამო ურთიერთობა დაუბრუნდება არაკონსტრუქციულ რეჟიმს,“ –  განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლის გია ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც  ჩაწერა 8 აგვისტოს თემა ამ განკარგულებაში.

“ეს შორიდან ჩანს როგორც პოლიტიკური თამაში იმიტომ, რომ ის განკარგულება რაც პრეზიდენტმა გამოსცა, ეს იყო ზუსტად ის რაც მას სთხოვა მთავრობამ. მთავრობამ თავისივე შეცდომა გადააკისრა და ხელი შეახოცა პრეზიდენტს მთლიანად და ამაში გამოიყენა პრეზიდენტის კეთილი ნება, რომ ყოფილიყო კონსტრუქციული. ჩემი აზრით პრეზიდენტმა შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც  ჩაწერა 8 აგვისტოს თემა ამ განკარგულებაში. მას უბრალოდ უნდა გამოეცხადებინა არჩევნები და ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით არგუმენტებზე უკვე უნდა ეზრუნა პრემიერმინისტრს,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით წინასაარჩევნო კამპანია მასიში დაიწყება. ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების კონტრასიგნაციამდე უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში დააკავეს წყალქვეშა ნავი, რომელზეც 6 ტონა კოკაინი იყო
შემდეგი სტატიაუნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 აპრილს გაიმართება