„ეს შენ გეხება“ პროკურატურას მიმართავს

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, პროკურატურას პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებების გასაჯაროებებისკენ მოუწოდებენ. ამ თემაზე სამოქალაქო სექტორმა განცხადება გაავრცელა:

„თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ მუქარები გავრცელდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოები გამოიძიებდნენ აღნიშნულ დანაშაულს და დამნაშავე პირები უმკაცრესად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე, თუმცა დღესაც საზოგადოებისთვის უცნობია რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 8 აპრილს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა, დღესაც პასუხგაუცემელია შემდეგი კითხვები: რა მიზნით ხდებოდა კონკრეტული პირების უკანონოდ თვალთვალი და მიყურადება, ვისი ბრძანებით ხდებოდა კონკრეტული პირების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების შეგროვება და დაარქივება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი საზოგადოება და მათ შორის მთავრობაც და პროკურატურაც საჯაროდ საუბრობენ იმ დანაშაულის სისტემურობაზე, რაც წლებია უკვე საქართველოში ხდება, დანაშაულის ობიექტური გამოძიება ჭიანურდება.

მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტზე დაწყებული გამოძიებების პროცესის და მიღწეული შედეგის შესახებ.

პროცესის სანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა უწყებებმა გააგრძელონ საზოგადოების მაქსიმალურად ინფორმირება მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნულმა​ სააგენტომ კახეთში საშიში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო
შემდეგი სტატია20-ლარიანი კუპიურების გაყალბების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს