„ეს შეკითხვა აღარასოდეს დამისვათ!“ – ირაკლი ღლონტი პრემიერობას აპირებს

12802971_1699130457038621_1981496213149604753_n1414396234_es-foto-dadeრაში სთავაზობდა ხელისუფლება 700 ათასს და ვის ეხმალავა პარლამენტში „რეფორმატორების“ ლიდერი

  

ოთხი წელია, აქტიურ პოლიტიკაშია, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როგორც პოლიტიკოსი, ჩვენს თვალწინ იზრდება. გაზრდა რას ნიშნავს? რას და, – ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობს. მაგალითად, ინტერპარტიული ჯგუფის წევრია, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებს ესწრება და საკუთარ აზრს სხვა წვრილმან-მსხვლმან მოვლენებზეც აფიქსირებს. ცხადია, წლევანდელ საარჩევნო პროცესშიც ჩაერთვება – ერთ-ერთ ქალაქში კენჭს მაჟორიტარად იყრის. მეტიც, დარწმუებულია, რომ მალე დადგება დრო, როცა საპასუხისმგებლო თანადებობას, მაგალითად, პრემიერის პოსტს დაიკავებს და ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ბრძოლას სწორედ ამ პოზიციიდან გააგრძელებს… მოკლედ, პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ 29 წლის ლიდერმა, ირაკლი ღლონტმა არ დამაცადა და პირველი შეკითხვა თავად დამისვა:   

 

– ვანიჩკა, დღეს სად „მჭედავ“?

– კი არ „გჭედავ“, უბრალოდ, მაინტერსებს, რისთვის იბრძვი?

– რისთვის და, – უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!

– და შენეული „უკეთესი ხვალინდელი დღე“ როგორია?

– უკეთესი ხვალინდელი დღე ნაკლები ემიგრანტი და მეტი შეძლებული ოჯახია!

– ამას ერთმა პატარა ბიჭმა როგორ უნდა მიაღწიო?

– მე „ერთი პატარა ბიჭი“ კი არა, პარტიის თავმჯდომარე ვარ და მალე საზოგადოებას ძალიან საინტერესო სახეებს წარვუდგენ. მოკლედ, „რეფორმატროებს“ სწორება უკეთეს ხვალინდელ დღეზე გვაქვს!

– კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ეს ახალი სახეები ვინ იქნებიან?

– მოლაპარაკებები გვაქვს.

– ვისთან?

– ჯერ გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა გეტყვი, რომ მოლაპარაკებები ძალიან ცნობილ ექსპერტებთან, საინტერესო მენეჯერებსა და რამდენიმე მაღალი რანგის საჯარო მოხელესთანაც გვაქვს.

– ახლა, არ მითხრა, რომ მინისტრებს „ავერბოვკებ“…

– მინისტრებს არა, მაგრამ მოლაპარაკებები სამსახურის უფროსებთან გვაქვს.

– ვერ დავიჯერებ, რომ სამსახურის უფროსები „ოცნებას“ გაემიჯნებიან…

– ისინი „ოცნებისგან“ თავიდანვე გამიჯნულები არიან და სახელმწიფოს ემსახურებიან.

– ანუ, მოლაპარაკებებს სახელმწიფო უწყებებში დარჩენილ ყოფილ „ნაციონალებთან“ აწარმოებ?

– არა, ეს ადამიანები პარტიული ჩინოვნიკები „ნაციონალების“ დროსაც არ ყოფილან. თავის დროზე საჯარო სამსახურში მეც ვმუშაობდი…

– რა ვიცი, სულ გაბრალებენ, ღლონტი „წაუნაციონალებსო“…

– ეს ჩემი კი არა, მათი პრობლემაა…

– მაშასადამე, საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორები“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს?

– დიახ.

– მერე, გამარჯვების რა შანსი გაქვს?

– არცთუ ბევრი, მაგრამ მომავალი ადგილობრივი არჩევნებისთვის ძალიან საინტერესო შედეგს „დავდებთ“, ანუ 2-პროცენტიან ბარიერს თავისუფლად გადავლახავთ.

– იმის თქმა გინდა, რომ ოქტომბერში, პარლამენტში მოსახვედრად არ იბრძოლებ?

– რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ და ერთ-ერთ ქალაქსაც ვარჩევ, სადაც ახალგაზრდა ლიდერი ყველაზე მეტადაა საჭირო.

– კენჭს ამ ერთ-ერთი ქალაქის მაჟორიტარად იყრი?

– დიახ და, რა თქმა უნდა, პარტიული სიის ათეულშიც ვიქნები…

– ირაკლი, ყოფილი პრემიერის ბოლო ღია წერილმა ცხადყო, რომ ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე სულ ორი დიდი პარტია დომინირებს და ამ ფონზე, შენს პოლტიკურ გაერთანებას შანსი აქვს, რომ ხალხი გაჰყვეს?

– ვანიჩკა, ორი-სამი თვის წინ რომ შევხვედროდით, გეტყოდი, წლევანდელ არჩევნებში ჩვენი მაქსიმუმი კვალიფიციურ სუბიექტად გახდომაა-მეთქი.

– ბიუჯეტიდან მილიონი ლარი გინდა, ხო?

– ეს არ მითქვამს, თუმცა გულწრფელად გეტყვი: მირჩევია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ფული ბიუჯეტიდან მიიღოს, ვიდრე – რუსული, ირანის, აზერბაიჯანისა თუ სხვა ქვეყნს სპეცსამსახურიდან.

– ფული, მაგალითად, ისარელის სპეცსამსხურმა რომ მოგცეს, უარს იტყვი?

– ისარელი საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ არც ისარელის პოლიტკის გამტარებელი ვარ და არც – ამერიკულის, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი დასავლელი ვარ!

– ეგ ვიცი, მაგრამ საარჩევნო კამპანიაში ვისი ფულის დახარჯვას აპირებ?

– ხომ იცი, რომ ბევრი ფული არ გვაქვს.

– მე საიდან უნდა ვიცოდე? – „რეფორმატორების“ ფული არ დამითვლია!

– ვერც დათვლი! ამას მე და რამდენიმე ადამიანი ვითვლით!

– ჰოდა, რამდენი გაქვთ?

– იმდენი, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ! სხვათა შორის, შემოწირულობებს კიდევ ველოდებით…

– ვისგან?

– მათგან, ვინც ფიქრობს, რომ ირაკლი ღლონტის თანადგომა საინტერესოა.

– სასწაულები არ ხდება, მაგრამ შენი თანადგომა საინტერესოდ ხომ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილმაც ჩათვალოს?

– ბიძინა ივანიშვილთან ვერ ვითანამშრომლებ და ამის შესახებ ბევრჯერ მითქვამს.

– რატომ ვერ ითანამშრომლებ?

– იმიტომ, რომ ის ჩემი ქვეყნისთვის მორიგი საფრთხეა!

– ირაკლი, პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობ…

– პოლიტიკაში უკვე დამკვიდრებული ვარ…

– სულ დამავიწიყდა: პოლიტიკურ თოქ-შოუებში დადიხარ…

– მხოლოდ პოლიტიკურ თოქ-შოუებში კი არ დავდივარ, ინტერპარტიული ჯგუფის აქტიური სუბექტიც ვართ და ყველგან ვართ, სადაც პოლიტიკური ორგანიზაცია პოზიციას უნდა აფიქსირებდეს…

– ინტერპარტიული ჯგუფის წევრი, მაგალითად, პაატა დავითაიაც არის, მაგრამ მერე რა?

– ყველას ჩვენი წარსული და მომავალი გვაქვს. „რეფორმატორების“ გვერდით ივანიშვილი კი არა, სიმართლე, პრინციპი და ცოდნაა, რასაც არ ვახურდავებთ და რითიც მალე ივანიშვილის 7 მილიარდზე მეტ შედეგს „დადებს“!

– „რეფორმატორების“ მთავარი პრინციპი რა არის?

– ახლა, ლაპარაკი პროგრამაზე რომ დავიწყო, დაგღლი და ამიტომ მარტივად გეტყვი:  წინ, ევროპისკენ ძლიერი ქართული ოჯახებით!

– ირაკლი, რა ამის პასუხია და, პრემიერმა შენზეც რომ თქვას, ღლონტი კაცი არააო, რას იზამ?

– (იღიმება) უბრალოდ, გამეცინება, მაგრამ კვირიკაშვილი ამას ჩემზე ვერ იტყვის! საერთოდ, როცა პრემიერ-მინისტრობის ამბიცია გაქვს, ასეთი რამ არავისზე უნდა თქვა! საქართველოში არავის აქვს უფლება, ჩემზე თქვას, კაცი არ არისო!

– ისე, თუ იცი, „ფარული სექსები“ შენზეც არსებობს?

– არ ვიცი… ნებისმიერ ურთიერთობაში ღია ვარ, სწორი მიმართულებები მაქვს და ამიტომ პრობლემები არ მაქვს, მაგრამ ასეთი რაღაცები ცუდი სახელმწიფოსთვისაა.

– ჰომოფობი ხარ?

– არა!

– არადა, სახელმწიფო სამსახურიდან თავის დროზე, როგორც მახსოვს, ჰომოფობიური განცხადების გამო გამომაგდეს.

– არავის გამოვუგდივარ, თანამდებობა იმიტომ დავტოვე, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდით და განსხვავებული ხედვები მქონდა.  საჯარო მოხელეობის მიუხედავადვ, უფრო თავისუფალი იყავი, ვიდრე – ბევრი სხვა ჩინოვნიკი. ამის გამო გარკვეული ჯგუფი დამიპირისპირდა და როცა გიგა ბოკერიას ხელდასხმულმა ზოგ-ზოგიერთმა ჩინოვნიკმა ჩემი დასჯა დაქეითების გზით გადაწყვიტა, პრინიცპებს არ ვუღალატე – ავდექი და უწყებას დავემშვიდობე.

– „ნაცების“ მხარდამჭერი იყავი და ბოკერიას ხალხი მაინც გერჩოდა?

– მხარდამჭერი ძალიან ცოტა ხანს ვიყავი. იმდენი სხვა გამოწვევა გვაქვს, რომ ეს შეკითხვა უკვე დისკომფორტს მიქმნის!

– „ნაციონალები“ რომ დაბრუნდნენ, შენი პოლიტიკური მომავალი როგორი იქნება?

– პირდაპირ გეტყვი: უჭეველი ოპოზიციაში ვიქნები, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ იმიტომ ვეღარ მოვა, რომ მატყლის ჩეჩვას არც მე ვაპირებ და არც – სხვა!

– ირაკლი, დამისაბუთე, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებს რატომ ესწრები?

– ამ პროცესებით ვრწმუნდები, რომ ქართულ სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს. ეს სასამართლო კი არა, დაბოღმილი მოსამართლეების „რუსთავი 2“-ის გუნდზე პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და მეტი არაფერი! „რუსთავი 2“ თითქმის ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს არ ემორჩილება. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიონალურია და ყველაფერი ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო! აზრის გამოხატვისა და თავისუფალი სიტყვის დასაცავად ყოველთვის ვიდგები, რადგან მხოლოდ იურისტი კი არა, ის მოქალაქეც ვარ, რომელიც მთელი ცხოვრება სიმართლეზეა ორიენტირებული! როგორც „ჯი-დი-ეს“-ს აქვს უფლება, ფუნქციონირებდეს, ასევე, უფლება გვარამიას მართვაში მყოფ ყარამანაშვილების კომპანიასაც აქვს.

– „რუსთავი 2“-ს რატომ ებრძვიან?

– როგორც მიშას ეშინოდა „იმედის“, ისე ეშინია ივანიშვილს „რუსთავი 2“-ის, თუმცა ბიძინა უარესი აღმოჩნდა.

– კარგი, რა, ირაკლი, მიშამ „იმედი“ სპეცრაზმით დაარბია!

– ის, რაც დღეს ხდება, უარესია – ტელევიზიას სასამართლოს სახელით ებრძვიან, ანუ წარმოიდგინე, ერთი მიზნისთვის რამდენ ინსტიტუტს ბილწავენ და თელავენ! ის გადარეული ქარიზმატული ტელევიზიაში ავტომატებით შევარდა.

– და მაშინ სად იყავი, „იმედი“ რატომ არ დაიცავი?

– მაშინ სტუდენტი ვიყავი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

– არ გინდა, ახლაც შენი საქმე აკეთო?

– ვანიჩკა, ახლაც ჩემს საქმეს ვაკეთებ – შენს ხვალინდელ დღეზე ვზრუნავ!

– რატომ გადაწყვიტე, რომ 29 წლის ირაკლი ღლონტმა 40 წლის ვანო პავლიაშვილის მომავალზე იზრუნო?

– 29 წლის ირაკლი ღლონტს გარკვეული ცოდნა, გამოცდილება და სწორი ხედვა აქვს, რაც საბედნიეროდ, ძალიან ბევრ ექსპერტთან თანხვედრაშია.

– ანუ, გგონია, რომ გარკვეული ცოდნა, გამოცდილება და ხედვა მე არ მაქვს?

– ჩვენთან მობრძანდი.

– შენთან რომ არ „მოვბრძანდე“, ჩემს მომავალს ისე ვერ შევქმი?

– კი ბატონო, წარმატებებს გისურვებ!

– მოკლედ, საზოგადოება ამ პატარა ბიჭს რატომ უნდა გამოგყვეს?

– ეს „პატარა ბიჭი“ არასწორი ნათქვამია.

– გაბრაზდი?

– არა, როგორ უნდა გამაბრაზო, მაგრამ ზუსტად ის დროა, რომ პოლიტიკაში 29 წლის ახალგაზრდები მოვიდეთ!

– ზოგი ამბობს, 29 წლის პრემიერმა ერთხელ უკვე დაგვღუპაო…

– არ ვამბობ, რომ 29 წლის ასაკში პრემიერი უნდა გავხდე, მაგრამ გარანტიას გაძლევ, არანაკლებ 35 წლისას სტრატეგიული თანამდებობა მექნება და 40 წლის ადამიანებს ძალიან ბევრ სიკეთეს მოგიტანთ!

– პრემიერობას უმიზნებ?

– სწორება მაგაზე მაქვს.

– აშკარად, ოცნებობ!

– არ ვოცნებობ, ეს შენი შეფასებაა, მე კი, ამისთვის დიდ ხანია, დაახლოებით, სტუდენტობიდან მოყოლებული ვიბრძვი!

– დავიშოკე!

– რატომ გაგიკვირდა? ჟურნალისტობა რომ დაიწყე, სწორება არ გქონდა, ძალიან მაგარი ყოფილიყავი?.. დიახ, სწორება იმაზე მაქვს, რომ ქვეყანაში რეალური გადაწყვეტილებების მიღება შევძლო და ამისთვის პრემიერ-მინისტრის რანგი გამომადგება. ვეცდები, საზოგადოებას ამის საჭიროება დავანახო. ვმუშაობ, რომ ძალიან მალე გაცილებით ძლიერი გუნდი შევქმნა, რომელთან ერთადაც ოპოზიციურ გზას გავივლი: ჯერ პარლამენტი, შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობა. პრეზიდენტის არჩევნებშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულები…

– „რეფორმატორებს“ საპრეზიდენტო კანდიდატიც გეყოლებათ?

– ჯერ არ ვიცი, მაგრამ გამორიცხული არაა…

– მდაა… სასამართლო შენც გებრძვის?

– დიახ…

– პარტია წაგართვეს, არა?

– ვერ წამართვეს! ღლონტს ასე მარტივად ვერავინ ვერაფერს წაართმევს!

– სასამართლო შენ რატომღა გებრძვის?

– მე კი არა, საკუთარ პრინციპებსა და ფუნდამენტალურ ჩანასახებს ებრძვის – მოწოდების სიმაღლეზე არ დგას და თუ გაინტერსებს, შემიძლია, სასამართლო გადაწყვეტილებები გაჩვენო.

– რათ მინდა?

– ყველა ეს გადაწყვეტილება აბსოლუტური სიცრუე და არაპროფესიონალიზმის ზეიმია! გარდა იმისა, რომ სასამართლო არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, კორუფციული სისტემაცაა. მხოლოდ წინა კი არა, ახლანდელ ხელისუფლებასაც უპრინციპო მოსამართლეები აწყობს, თუმცა ღირსეულიც ბევრი მოსამართლეცა!

– ირაკლი, შენ რომ ნათია გუჯაბიძე იყო…

– ღმერთმა დამიფაროს, ნათია გუჯაბიძე ვიყო!

– დავუშვათ, ნათია გუჯაბიძე ხარ და „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავ, რას იზამდი?

– ვიტყოდი, ჩემზე ზეწოლაა-მეთქი და საზოგადების მხარდაჭერას მოვითხოვდი.

– მერე, დედისგან ნაქირავები ბინის დაკარგვის რისკს რაღას უზამდი?

– ვანიჩკა, მგონი, ხედავ, რომ დღესაც ბევრ რისკზე მვდივარ – ზოგიერთ საფრთხეს სხვა დიდ პარტიაზე პირველი ვუპირისპირდები. ისე, რაღა დიდი, ჩემს გუნდს არავისზე ნაკლებად არ ვთვლი!

– ირაკლი, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ჩაერთვე, რამდენი წელი გავიდა?

– ოთხი. პარტიის თავმჯდომარედ კი, ორი წლის წინ ამირჩიეს.

– აბა, მითხარი, ამ ოთხ წელში რაღაცები შემოუთავაზებიათ?

– კი, ძალიან ბევრჯერ.

– კონკრეტულად, ვის და რა?

– კონკრეტულად ვერ გეტყვი, მაგრამ ხელისუფლებასაც შემოუთავაზებია, ოპოზიციასაც და ბიზნესსექტორსაც.

– ხელისუფლება რას და რატომ გთავაზობდა?

– ადგილობრივ არჩევნებში მთავაზობდნენ, რომ თუ კონკრეტულ გუნდში ვიქნებოდი, გარკვეული რაოდენობის თანხას მივიღებდი და ეს ციფრიც ვიცოდი.

– ანუ, ხელისუფლება „ოცნების“ კოალიციაში შესვლას გთავაზობდა?

– არა, ერთ-ერთ ოპოზიციურ ბლოკში უნდა შევსულიყავით და ამაში 700 ათას ლარს მივიღებდით. სხვათა შორის, მაშინ პარტია თვენახევრის იყო.

– ხეისუფლება 700 ათასს იმისთვის გთავაზობდა, რომ ოპოზიციური ბლოკიდან ინფორმაცია გამოგეტანა?

– არა, არა, ჩემთან ასეთი მიდგომა გამორიცხულია და ასეთი შეკითხვა აღარასოდეს დამისვა!

– აბა, ფული რისთვის უნდა გადაეხადათ?

– რაღაც გარკვეულ თამაშში უნდა შევსულიყავი, მაგრამ არ შევდი და მორჩა, ეს თემა დავხუროთ. დადგება დრო და მემუარებში დავწერ… გარკვეული შემოთავაზება ბიზნესმენებისგანაც იყო, მაგრამ ისინი რუსული ძალები არიან…

– ფული დიდი ცდუნებაა და ეს ცდუნება როგორ გადალახე?

– ფული ჩემთვის ცდუნება არაა…

– …როგორ ფიქრობ, საქართველოში ტერორი ისევ მძვინვარებს?

– დიახ და ამის მაგალითი „რუსთავი 2“ და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის ქეისია, მაგრამ ისეთი ტერორი, როგორიც „ნაცმძრაობის“ დროს იყო, აღარაა და ეს ჩვენი, საზოგადოების აქტიურობის შედეგია. ისე, ის, რაც კორცხელში მოხდა, პოლიტიკური ტერორი იყო და სხვა არაფერი!

– არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია უფრო დაიძაბება?

– უკვე დაძაბულია: მედიას პრობლემები აქვს, ფეოდალური სისტემა, რასაც ივანიშვილი აპროტესტებდა, შენარჩუნებულია და ისეთივე „ზონდერული დაჯგუფებები“ იქმნება, როგორიც თავის დროზე „ნაციონალებს“ ჰყავდათ. „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ ანარეკლია!

– შენს პარტიაში რამდენი, ასე ვთქვათ, თავია?

– ჩემს პარტიაში, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ყველა თავია!

– „ოცნებას“ მოეშვი და ისე მიპასუხე: „რეფორმატორებში“ გადაწყვეტილებებს რამდენი ადამიანი იღებს?  

– „მესიჯბოქსს“ გააჩნია – თუ ეკონომიკას ეხება, სამნი-ოთხნი ვხსედავართ ხოლმე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, კონსულტაციებს სხვა ადამიანებთან გავდივართ, რომლებიც „რეფორმატორები“ არ არიან…

– პარტიაში ყველაზე მეტად ვის ენდობი?

– საკუთარ თავს!

– სუს-ი გითვალთვალებს?

– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ვინმე გაფრინდაშვილმა დამირეკა და ღარიბაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო, სუს-ში დამიბარა, სადაც ჟურნალისტების თანხლებით მივედი.

– „წამლების მაფიას“ აღარ ებრძვი?

– რა თქმა უნდა, ვებრძვი. ამის უმაღლესი მწვერვალი პარლამენტია, სადაც „ვიხმალავე“, საპარლამენტო კომიტეტი დამეთანხმა, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ საბოლოო ჯამში, მხარი იმიტომ არ დამიჭირეს, რომ მაფიოზები არიან! საქართველოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში მაფიოზები არიან! 29 წლის ღლონტი და მისი მეგობრები ყველაფერ ამის წინაღმდეგ იმიტომ კი არ იბრძვიან, რომ ეს ვინმემ დააფასოს, არამედ, თავს ვალდებულად თვლიან და თუ საზოგადოებაც დააფასებს, მადლობელნი დავრჩებით და ერთად უფრო მაგრები ვიქნებით! ზოგ-ზოგერთივით კი არ ვკეკლუცობ, ვიბრძვი!

– როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ხელფასი გაქვს?

– არა. პარტიაში ხელფასი არავის აქვს! სამაგიეროდ, იდეა გვაქვს!

– იდეა კარგია, მაგრამ როგორც იტყვიან, იდეას ჭამთ?

– ჭამის და გზის ფული გვაქვს! ჩვენ ბაღსა და სკოლიდან არ მოვდივართ, ამ ქვეყანაში საქმე გვაქვს ნაკეთები, თუმცა ბევრისგან განსხვავებით, ამაზე არ ვყვრივართ!

– მაინც, რა გაქვს გაკეთებული?

– თუნდაც მაშინ, როცა საჯარო სამსახურში ვიყავი, უკანონოდ ერთ ადამიანსაც არ მოვქცეულვარ და არც ქრთამი გამომირთმევია! მთელი ჩემი ცხოვრება საქმეს ღირსეულად ვაკეთებ, ეს ჩემ წარსულია, რომელზეც ხვალინდელ დღეს ვაშენებ!

– პრეზიდენტი მარგველაშვილი მოგწონს?

– არა, ძალიან სუსტია, თუმცა მხარს ვუჭერ, რადგან მისი გარკვეული განცხადება და პოზიცია ჩემთვის მისაღებია, თორემ ეს კიდევ ერთი ჩამოშლილი ინსტიტუტია და რატომღაც მგონია, რომ ხვალ-ზეგ მარგველაშვილი ისევ იმ ერთიანობაში იქნება, საიდანაც მოვიდა!

– ვიცით „კვირკაშვილის ეფექტი“…

– „კვირიკაშვილის ეფექტი“ იაფფასიანი პოპულისტური ლოზუნგია.

– ირაკლი, შეკითხვის დასმა დამაცადე: პრემიერი რომ გახდები, „ღლონტის ეფექტი“ როგორი იქნება?

– ასეთი ტერმინები სამარცხვინოა, რადგან ეფექტი მხოლოდ ერთ პიროვნებას კი არა, მთელ მთავრობას უნდა ჰქონდეს. თუ ეფექტური მთავრობის პოლიტიკა არ იქნება,  კვირკაშვილის ეფექტი რათ მინდა? – კარგი სუნამო ასხია თუ ლამაზად აცვია?

– რა დაუნახავი ბიჭი ხარ…

– დაუნახავი კი არა, ობიექტური ვარ! კვირიკაშვილის ერთი რეალური ეფექტი დამისახელე და არა – ის, წინასაარჩევნოდ „მარშრუტკით“ რომ დადის.

– კვირიკაშვილის ეფექტი, მაგალითად, პრეზიდენტთან კომუნიკაციის დამყარებაა…

– ეს კვირკაშვილის ეფექტი კი არა, ღარიბაშვილის დეფექტია!

– ეს როგორ?

– ღარიბაშვილს დეფექტები რომ ჰქონდა, პრეზიდენტთან ურთიერთობას ამიტომ ვერ ალაგებდა!

– საერთოდ, ცხოვრება ასეა მოწყობილი: ერთის დეფექტი მეორისთვის ეფექტია!

– ვანიჩკა, დამიჯერე, ეს ეფექტი არაა. პრემიერი რომ ხარ, კეთილი, უნდა ინებო და, პრეზიდენტთანაც კარგი ურთიერთობა გქონდეს, პარლამენტთანაც, ჟურნალისტებსა და ოპოზიციასთანაც.

– ირაკლი, მემარცხენე ხარ, მემარჯვენე თუ ცენტრისტი?

– მეგონა, რომ ჩემს აქტივობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევევდი… კლასიკური მემარჯვენე ვარ. საერთოდ, მემარჯვენეობა იმას ნიშნავს, რომ აქცენტი ეკონომიკაზე გქონდეს, რათა თუნდაც საგადასახადო კოდექსი ლიბერალური გახდეს.

– გახდა კიდეც – 2017 წლის პირველი იანვრიდან საგადასხადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ამუშავდება.

– ვიდრე ფინანსური პოლიცია ფუნქციონირებს, ეს ქვეყანა დემოკრატული ვერასოდეს იქნება! პირდაპირ ასე დაწერე: დაუშვებელია, რომ ფინანსური პოლიციის „ღლაპები“ მეწარმეებთან მიდიოდნენ!

– საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ბიძინა ივანიშვილის, ან რომელიმე „ოცნებელის“ უფლებებს დაიცავ?

– გამიჭირდება, მაგრამ აუცილებლად დავიცავ!

– მოკლედ, ირაკლი, ცდილობ, დამარწმუნო, რომ პოლიტიკა ადამიანებს არ აბინძურებს, არა?

– დიახ, არ აბინძურებს! ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული – შეგიძლია, ისე გარდაიცვალო, რომ კარგი სახელი დატოვო. ჩემი მიზანი სწორედ ესაა, რომლის მისაღწევი გზაც საკრებულოს თუ პარლამენტის წევრობა და პრემიერობაა.

– შენი აზრით, 2012 წელს, ხალხმა „ოცნებას“ ხმა რატომ მისცა?

– იმიტომ, რომ სააკაშვილის გუნდის მიმართ ძალიან დიდი ანტაგონისტური განწყობა არსებობდა. შეიძლება, „გრეჩიხას“ აქციებზე არ დავრბოდი და ქართულ სახელმწიფოს სხვაგან ვემსახურებოდი, მაგრამ ამ განწყობას მეც აბსოლუტურად ვიზიარებდი! იმ ადამიანებს, ვისაც სანდრო გირვლიანი, ბუტა რობაქიძე დაავიწყდათ, პატივს არ ვცემ! შეიძლება, მაშინ არ ვიბრძოდი, მაგრამ ჩემი ჩაცხრილული თანატოლები ყოველთვის მემახსოვრებიან და ყველაფერს გვაკეთებ, რომ ახალი სანდრო, ბუტა და თუნდაც ვაზაგაშვილი არ გაჩნდეს!

– „ოცნებამ“ ხალხის მოლოდინი, შენი აზრით, რატომ ვერ გაამართლა?

– იმიტომ, რომ ბრიყვი და დილეტანტია, პლუს, გაურკვეველი საგარეო კურსი აქვს… ჩემი აზრით, ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა დიდი რუსული საფრთხეა, მაგრამ „კა-გე-ბე“-ს და მისი გენერლების არ მეშინია! მალე დადგება დრო, როცა ჩემს ქვეყანაში „კა-გე-ბე“ ვეღარ იჭაჭანებს!

– ვთქვათ, აღმოაჩინე, რომ შენი უახლოესი ადამიანი რუსული სპეცსამსახურის ოპერატიული წყაროა, საჯაროდ ამხელ?

– ეს ტრაგედია იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, გავემიჯნები და ვამხელ!

– მერე, ეს მხილება რომ „არქართული“ იქნება?

– მთავარი ქართული სახელმწიფოა, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას!

– ბოლოს, ირაკლი, მითხარი, ივანიშვილი რომ შეგხვდეს, რას ჰკითხავ?

– მასთან შეხვედრას ვითხოვ…

– ჰოდა, რას ჰკითხავ?

– ვკითხავ, რა გინდა-მეთქი, მაგრამ ივანიშვილი თვალებში ვერასოდეს ვეღარ შემომხედავს!

– შემოუხედავს?

– გამარჯობა უთქვამს…

– ახლა, არ მითხრა, რომ გიცნო და მოგესალმა…

– ეს კულტურის ამბავია – მე მივესალმე, თორემ მეტი საქმე არ მაქვს, მისი ყურადღება მივიპყრო, ყურადღება აქეთ მოგვაქციოს!

ესაუბრა ვანო პავლიაშვილი

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ქართველი ქურდი რეზო ჯვარსკი დააკავეს
შემდეგი სტატიატელეკომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის მიღებას და საკუთარ პირობებს სთავაზობს