პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატების ქმედება არა მხოლოდ ძალადობრივი, არამედ აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. ნოდიას თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატს პრემიერ-მინისტრისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არამედ თქვა რეალობა, რომლის უარყოფაც „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის წევრები ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე იმიტომ გადავიდნენ, რომ არგუმენტები არ გააჩნიათ.
„ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა… ოპოზიციონერ დეპუტატს პრემიერისთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მან სრულიად კორექტულად უთხრა სიმართლე, რომელიც ყველამ იცის, მათ შორის თვითონ კობახიძემ და მმართველი პარტიის ყველა დეპუტატმა.
მათ ამ სიმართლის უარყოფა არ შეუძლიათ: ხომ არ იტყვიან, რომ ივანიშვილის სიტყვა კობახიძისთვის კანონი არ არის? აქ „აიქიუს“ საკითხიც არ დგას: რაც არ უნდა ეჭვები გვქონდეს გორდულაძის და ტალახაძის ინტელექტუალური შესაძლებლობების მიმართ, როცა ყველაფერი ცხადია, ვერანაირი აიქიუ ვეღარ გიშველის. ცემის გარდა არაფერი გრჩება“, — წერს გია ნოდია.


















