სოციალური სამართლიანობის ცენტრი ზუგდიდში სამუშაო პროცესის დროს დენის დარტყმის შედეგად მუშის გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ სისტემურ ჩავარდნებს და წერს, რომ “შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და დამსაქმებლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.“
ვეხმაურებით სამუშაო პროცესის დროს დენის დარტყმის შედეგად მუშის გარდაცვალებას და მიგვაჩნია, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულ სისტემურ ჩავარდნებს. ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მათ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ.
◾ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და დამსაქმებლის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა, სათანადო ზედამხედველობისა და პრევენციული მექანიზმების არარსებობა ხშირად დასაქმებულების სიცოცხლის ფასად გვიჯდება.
◾ სამწუხაროა, რომ შრომის ინსპექცია წლების განმავლობაში ვერ იქცა უწყებად, რომელიც დასაქმებულების ნდობას მოიპოვებდა და შრომის პირობების დაცვას რეალურად და ეფექტურად უზრუნველყოფდა.
◾ მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ დაწყებული გამოძიება სათანადოდ წარიმართოს, უზრუნველყოს დაღუპულის ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები,- წერია განცხადებაში.
ვრცლად იხილეთ ბმულზე:
















