„ეს, ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო კამპანია იყო დამოუკიდებელი მოლდოვის ისტორიაში“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ეხმაურება მოლდოვაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელშიც გამარჯვება მაია სანდუმ მოიპოვა.

როგორც ზახაროვა Telegram-ზე წერს, ეს ქვეყნის ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო კამპანია იყო.

„გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს, ყველაზე არადემოკრატიული საარჩევნო კამპანია იყო მოლდოვის დამოუკიდებლობის ისტორიაში.

მას გამოარჩევდა: ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო რეპრესიები ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, განსაკუთრებით რუსულენოვანის; დასავლეთის ქვეყნების აშკარა ჩარევა საარჩევნო პროცესში; ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის ფართომასშტაბიანი გამოყენება.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოფიციალური კიშინიოვის დისკრიმინაცია რუსეთში მცხოვრები მოლდოველი ამომრჩევლების მიმართ. ჩვენს ქვეყანაში მოლდავური დიასპორისთვის, რომლის რაოდენობაც სხვადასხვა შეფასებით 500 ათასამდე ადამიანია, გაიხსნა მხოლოდ ორი საარჩევნო უბანი. შედარებისთვის, დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც დაახლოებით 500 ათასი მოლდაველი ცხოვრობს, გაიხსნა 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი, რიგ ქვეყნებში კი მოლდოვის მოქალაქეებს ფოსტით ხმის მიცემის უფლება მიეცათ.

ბიულეტენების დათვლის შედეგები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ისევე როგორც 2020 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, მაია სანდუს გამარჯვება უზრუნველყო დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები მოლდოვის დიასპორის ხმებმა. ხოლო თავად მოლდოვის მცხოვრებლების უმრავლესობამ, ფაქტობრივად, უნდობლობა გამოუცხადა მოქმედ პრეზიდენტს.

ექსპერტები და პოლიტოლოგები ხელისუფლების მხრიდან არაერთ დარღვევასა და გაყალბებაზე მიუთითებენ. საარჩევნო პროცესის დროს დარღვევები იმდენად ფართო და აშკარა იყო, რომ წინასწარ დასკვნებში მათზე თვალის დახუჭვა ვერ მოხერხდა თავისი მიკერძოებით ცნობილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაც.

მოლდოვის დემოკრატიის სავალალო ვითარების მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებაში დარჩენილი ძალა არ გააღრმავებს საზოგადოებაში განხეთქილებას და დასავლელი კრედიტორების მითითებებს კი არ გაჰყვება, არამედ საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესების პატივისცემის გზას დაადგება“, – წერს ზახაროვა.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო, საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: პროვივის აუდიტის დასკვნა არის ფარატინა ქაღალდი და საერთოდ არ არის შეფასებული ის რისკები, რაც გამოყენებული იქნა გაყალბების სქემების ასამუშავებლად 26 ოქტომბერს