,,ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი მაფიოზური რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის დაშინების”-ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა

წინასაარჩევნო გარემო საკანონმდებლო ორგანოში განხილვის მთავარი თემა იყო. ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გავიდნენ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა. არჩილ თალაკვაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებისთვის დახმარების თხოვნის პარალელურად, მაიამიში ვილის შეძენას ცდილობს.

„ადამიანი, რომელიც ემიგრანტებს სთხოვს თავისი პარტიის დაფინანსებისა და ბილეთების ფულს. ადამიანი, რომელიც თავის საზოგადოებას საქართველოში ტელეხიდებით სთხოვდა თითო ლარიანი შემოსავლის გაკეთებას, სინამდვილეში, რაც ვნახეთ და საზოგადოებამ რაც ნახა, მაიამიში, ფლორიდაში არის დაკავებული ფეშენებელური ვილის და ოკეანის პირას ახალი სახლის ყიდვით. ეს არის ვითომ, შეჭირვებული ბატონი სააკაშვილი და მისი ოჯახი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიციის თქმით, არჩილ თალაკვაძემ გაურკვევლ ფარულ ჩანაწერზე ისაუბრა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განაგრძობს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს. მათი თქმით, პარლამენტში ჩანაწერების ციტირება სამარცხვინოა.

„თავდასხმა, შანტაჟი, ფარული ჩანაწერების გავრცელება, მათ შორის პირად ცხოვრებაში, სავარაუდოდ, შანტაჟი პირადი ცხოვრების დეტალებით, ეს ყველაფერი არის შემადგენელი ნაწილი მაფიოზური რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის დაშინების და გრძელვადიანად ამ ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების მითვისებისთვის. საქართველოს პარლამენტში არ მახსენდება მსგავსი სამარცხვინო მოვლენა, როდესაც უმრავლესობის ლიდერი ციტირებს რაღაც ჩანაწერებს, რომელიც არ ვიცით, საერთოდ არსებობს თუ არა და გარდა ამისა, ეს ჩანაწერები თუ არსებობს, რამდენიმე ქვეყნის კანონის დარღვევით უნდა განხორციელებულიყო ეს მიყურადება. დღეს საქართველოს პარლამენტში ციტირებენ ამ ჩანაწერებს იმის ნაცვლად, რომ ისმოდეს შეკითხვა, საერთოდ რა მოხდა, საიდანა გაჩნდა ეს ჩანაწერები,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ინციდენტის საქმეზე გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფი გამოკითხეს
შემდეგი სტატიაოპოზიცია ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ხვალ მოუსმენს-„ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია, რომელმაც აღიარა ხელისუფლებაში არსებული სირთულეები”