აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა კრის რაიტმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ირანთან გაფორმებული 14-პუნქტიანი შეთანხმების იმ ნაწილის შესახებ ისაუბრა, რომელიც თეირანისთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე სანქციების მოხსნას ითვალისწინებს. რაიტმა აღნიშნულ ნაბიჯს ირანისთვის „მცირე სარგებელი“ უწოდა და მწვავედ უპასუხა კრიტიკოსებს, მათ შორის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებს, რომლებიც ვაშინგტონს ბირთვულ მოლაპარაკებებში ბერკეტების დათმობაში ადანაშაულებენ. მინისტრის განცხადებით, აშშ-ს აქვს ძალა, ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადების უსაფრთხოება ირანის მონაწილეობის გარეშეც უზრუნველყოს და საჭიროების შემთხვევაში, თეირანის ბირთვული პროგრამა სრულად გაანადგუროს.
კრის რაიტმა Fox News-ის ეთერში განმარტა, რომ სანქციების შემსუბუქება ირანს დიდ უპირატესობას არ ანიჭებს.
“დიახ, ფაქტი, რომ მათ შეუძლიათ ნავთობი სხვა ქვეყნებს მიჰყიდონ და ფული უფრო მარტივად აიღონ, სარგებელია, მაგრამ ეს არ არის დიდი სარგებელი“.
ადმინისტრაცია კეთილსინდისიერად მოქმედებს და ელის, რომ ირანი ხელს არ შეუშლის გლობალურ ეკონომიკაში ნავთობის ნაკადების მოძრაობას.
„კომერციულ გემებს აქვთ შიში სრუტის გადაკვეთისას? რა თქმა უნდა. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა ირანის მიუხედავადაც ვუზრუნველყოთ, მათთან ერთადაც და მათ გარეშეც. ჩვენ შეგვიძლია მათი ბირთვული პროგრამა გავანადგუროთ“, — მკაცრად აღნიშნა აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრმა.

















