ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ

ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი “გააპრავეს”, იქცნენ “კაი ბიჭებად” თქვენს ხელში. ცუდს აკეთებდნენ და პასუხი უნდა აგონ! – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, დეპუტატებს მისდით მესიჯები, რომ თუ უმრავლესობის წევრები ეკა ბესელიასა და მისი თანაგუნდელების მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერენ, პარტიიდან გარიცხავენ.

„ამ კანონის მიზანი უნდა იყოს, რომ ან გვყავდეს ღირსეული მოსამართლეები ან დავამთავროთ ის, რაც იუსტიციის საბჭოში ხდება. ერთხელ და სამუდამოდ თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელშიც ვართ. ანრი კითხულობდა: ენდობი პარლამენტს თუ არა ენდობიო. მე არ ვენდობი ჩემ კოლეგებს, რომლებიც ღებულობენ მესიჯებს, რომ თუ ამ კანონს ხმას მიცემენ, ისინი პარტიიდან იქნებიან გარიცხულები და ამაზე პროტესტის გრძნობა არა აქვთ. ჩემთვის ეს პრინციპულია, რადგან თუ ვსაუბრობთ კონსტიტუციის დაცვაზე, კონსტიტუციის დარღვევაა ის, რომ დეპუტატს პარტია უგზავნის მესიჯს, შენ გარიცხული იქნები პარტიიდან, თუ შენ ამა და ამ პოზიციას არ დააფიქსირებო. იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაშიც ვართ, უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გზას გაუხნის ჩინჩალაძეს და მის სიას და მეტი ამაში არაფერი იქნება. ეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ. თქვენ წაგართმევთ მომავალს ყველას. იმედს წაართმევს საზოგადოებას იმისას, რომ შეიძლება ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს. ნუ ვიქნებით კანონის მშრალი წაკითხვის ოსტატები და თვალი გავუსწოროთ რაც ხდება“, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე განცხადებით, უზენაესი სასამართლო გადაიქცევა ყველაფრის მკადრებელი მოსამართლეების მართვად ორგანოდ.

„ის ზონდერმოსამართლეები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი გააპრავეს, იქცნენ „კაი ბიჭებად“ თქვენ ხელში და მოდით, სამართლიანობა დავამყაროთ ამ ქვეყანაში. ცუდს აკეთებდნენ და პასუხი უნდა აგონ! იუსტიციის საბჭოსთვის ასეთი კანონის შეთავაზება არის მწვანე შუქის გახსნა ქვეყნის დაქცევისაკენ. შეიკვრება სამივე ინსტანცია. უზენაესი სასამართლო გადაიქცევა ყველაფრის მკადრებელი მოსამართლეების მართვად ორგანოდ. რომელ კონსტიტუციაზე და კონსტიტუციურ ორგანოებზე ვლაპარაკობთ ამის მერე? ჩვენი ხალხისთვის ეს არ უნდა დავუშვათ. თუ ჩვენ სიმართლე და სამართლიანობა გვინდა ჩვენი ხალხისთვის, ეს კანონი უნდა დავივიწყოთ. ვაღიაროთ რომ ეს არასწორია, ამ გზით არ უნდა წავიდეთ და შევთანხმდეთ ერთ ელემენტარულ რამეზე, ჩვენ გვჭირდება კარგი და ღირსეული კანდიდატები პარლამენტში. ამის მერე მიეცემათ პარლამენტის წევრებს მორალური და ზნეობრივი არჩევანის საშუალება. თუ ჩვენ ამას წავართმევთ პარლამენტის წევრებს, მერე რა მოცემულობა შეიქმნება და რა მესიჯები წამოვა, არ ვიცი და არც მინდა ამაზე საუბარი. ნუ დაუპირისპირდებით ქართველ ხალხს! დღეს ორად არის ქართველი ხალხი გაყოფილი: ერთ მხარეს არის ჩინჩალაძე თავისი სიით და მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი, რომელიც ელოდება რომ სამართლიანობა დამყარდება ამ ქვეყანაში. წავიდეთ ამ გზით! ეს არის რჩევაც, მოწოდებაც და ერთადერთი არჩევანიც, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ გავაკეთეთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი “თიბისი ბანკზე” კიბერშეტევის საქმეზე – ამოღებულია შესაბამისი კომპიუტერები და დაცული ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჰოლანდიაში უცნობმა გაჩერებაზე სროლა ატეხა