ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება – გოცირიძე ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაზე

ფარული კადრები გავრცელებულია ხელისუფლების მიერ ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება, რომელმაც თითი დაუქნია ადამიანებს, თუ ოპოზიციაში წასვლას ან რაიმე ურჩობას გაბედავენ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არასდროს გამოიძიებს იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელსაც თავად სჩადის – ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

„როდესაც წლების განმავლობაში არ იძიებენ საქმეს, კეთდება ძალიან მარტივი დასკვნა, რომ ეს გაკეთებულია ხელისუფლების მიერ. 2 წელი გავიდა, რაც აფგან მუხთარლი გაიტაცეს. ვიცით ვინ და რატომ გაიტაცა? ვერასდროს ვერ გავიგებთ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ვინაიდან ეს ამ ხელისუფლების გაკეთებულია. ამ 7 წლის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, რომ ფარული ჩანაწერების ავტორები ან გამავრცელებლები გამჟღავნებულიყო. „ქართული ოცნების“ უამრავი მინისტრის წინააღმდეგ იყო გავრცელებული კომპრომატები. ბუნებრივია, რომ ეს თავად ხელისუფლებისა და იმ ადამიანების გაკეთებული იყო, ვისაც პოლიტიკურად აწყობდა. ამ შემთხვევაშიც არ მოხდება გამოძიება, თუმცა როგორც ქალბატონი ეკა ამბობს, რაღაც ეჭვები აქვს. არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა ეს საქმე გამოძიებული იქნება, ეს ეჭვები დადასტურდეს, ვინაიდან მაინც რაღაცები ჟონავს. ხელისუფლება ყოველთვის იცვლება და ხალხი იმის რეზერვებს იტოვებს, რომ ან ციხეში არ მოხვდეს, ან მერე რაღაცით თავი იმართლოს. ფარული კადრები გავრცელებულია ხელისუფლების მიერ. ეს იყო ივანიშვილის პირადი შურისძიება, რომელმაც თითი დაუქნია ადამიანებს, თუ ოპოზიციაში წასვლას ან რაიმე ურჩობას გაბედავენ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელისუფლება არასდროს გამოიძიებს იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელსაც თავად სჩადის,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ არ ვუერთდებით „თბილის პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს“ – ტრანსგენდერები გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაშსს ფშაველი-ომალოს გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს