ეს იყო ბრიუსელში დიდი ქართული ტალღის დადებითად აგორება

საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში, ე.წ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეთანხმებას მალე მიიღებენ, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ გადაცემა 2030-ში.

„მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ პროცედურული საკითხები იყო დარჩენილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ეს საკითხი პოლიტიკური მღელვარების საგნად იქცა როგორც საქართველოში, ასევე ევროპულ ინსტიტუტებში. ის განცხადებები და მიმართვები, რაც ევროკომისარმა და ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბოლო დროს გააკეთეს, შემთხვევითი არ ყოფილა. ასევე, ცალსახაა, რომ საქართველოს პრემიერისა და ქართული დელეგაციის ბრიუსელში ვიზიტმა სერიოზული ძვრები გამოიწვია“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შენობაში ჩატარებულ ორმხრივ შეხვედრებზე არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა იქნა განხილული, არამედ საერთოდ, ასოცირების დღის წესრიგი.

„ეს იყო ბრიუსელში დიდი ქართული ტალღის დადებითად აგორება, რამაც ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში დადებითი შეჯანჯღარება გამოიწვია. დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მალე ოფიციალურად მივიღებთ, რასაც იმედია, ევროპარლამენტში წლის ბოლომდე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის კენჭისყრა მოჰყვება. როგორც ვვარაუდობდით, მომავალი წლიდან ჩვენს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ“, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მოკლე ხანში პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა და შედეგიც სახეზეა.

„მოდით, ნუ დავძრახავთ, ევროკავშირის შიდა ინსტიტუციონალურ ბიუროკრატიას, რომელიც დღეს არ შექმნილა. მთავარია, შედეგი სახეზეა. საქართველომ ყველა კრიტერიუმი და ვალდებულება ზედმიწევნით დააკმაყოფილა. საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა სულ რაღაც 5 თვის წინ მოხდა, ძალიან მოკლე ხანში პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადავდგით და შედეგებიც სახეზეა. ეს არის იმ გადაწყვეტილების საფუძველი და პრერეკვიზიტი, რაც ევროპარლამენტმა უკვე მიიღო, ან მალე მიიღებს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს თემა კიდევ უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი
შემდეგი სტატიარუსეთის მოთხოვნით დაკავებული საქართველოს მოქალაქე განთავისუფლებულია პატიმრობიდან