“ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან შეცვალა ეს პოზიცია” – პრეზიდენტის მიღებაზე გამსახურდიების ოჯახიდან მხოლოდ კონსტანტინე მივიდა

ავლაბრის ცერემონიების სასახლეში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები პრეზიდენტის მიღებაზე არ მივიდნენ. მათი პროტესტი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელსაც ის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში აკეთებდა მას შემდეგ, რაც მოხდა სამოქალაქო ომი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება განდევნეს საქართველოდან.

მაშინ სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დიქტატორსაც კი უწოდებდა და იმ მხარს უჭერდა იმ დაჯგუფებებს, რომელიც ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. ამის შემდეგ იყო სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით. სწორედ ამ განცხადებების გამო უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა პრეზიდენტს პროტესტი გამოუცხადეს.

თუმცა, სტუმრების ის ნაწილი, ვინც დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო, განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადებები “ახალგაზრდამ” და “გამოუცდელმა” გააკეთა.

ღონისძიებას პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახიდან მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მოწვევა გაუგზავნა, მანანა არჩვაძე-გამსახურდია და ცოტნე გამსახურდია მიღებაზე არ მივიდნენ.

კონსტანტინე გამსახურდია კი აცხადებს, რომ დამოკიდებულება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ჰქონდა ზვიად გამსახურდიას მიმართ, 30 წლის წინ იყო და მას ახლა ეს პოზიცია შეცვლილი აქვს.

„ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან შეცვალა ეს პოზიცია, მე რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება ომთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან ხანგძლივი თემა, დიდი კამათის და ახსნა-განმარტებების და დაზუსტებების საგანი და დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. არ დავწვრილმანდებით. სხვათა შორის, ერთ რამეს კიდევ გეტყვით, ძალიან მოხარული ვარ რომ ამ სასახლემ მიიღო რაღაც ფუნქცია და არ გადაკეთდა საბანკეტო დარბაზად ან სპორტსკოლად,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

banner
წინა სტატიაშისიმბოლურია, რომ აქ ბრძანდება… ან აქ უნდა ყოფილიყო პირველი პრეზიდენტის მეუღლე და შემოგვითვალა, რომ ვერ მოვიდოდა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა მედიასთან არ განმარტა, რატომ დაავიწყდა თამარ ჭოველიძის გვარის შეყვანა სიაში