არ ვეთანხმები ეგრეთწოდებულ დაზარალებულის ვირეშმაკულ დიპლომატიას, რომ გატაცების შესახებ ზურაბ წერეთელი, თითქოსდა საქმის კურსში არ იყო. თუ ვინმა შემორჩა ყველაზე მსხვილი მაფიოზა,ფარცოვშიკი,კომბინატორი,აფერისტი პოსტსაბჭოთა სივრცეს ეს ზურაბ წერეთელია, რომელმაც საქართველოში, ჯერ კიდევ მაშინ არსებული ე,წ ხუდოჟესტვენნი კომბინატების მეშვეობით მილიარდები გაიტაცა და წაიღო მოსკოვში. გამსახურდიას დამხობა, შევარდნაძის ჩამოყვანა, სააკაშვილის ლობირება კრემლში და მისი მოყვანა, შემდგომ მისი გაძევება და ივანიშვილის მოსვლა ყველაფერი უკავშირდება ამ ავბედით ფიგურას საქართველოსთვის. ასე რომ ეს გატაცებაც ზურაბ წერეთელისთვის ერთი მზესუმზირას გაკნატუნება ან უნიჭო ფუნჯის მოსმაა და მეტი არაფერი-აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი გივი ჯიბლაძე თავის გატაცებას ზურაბ წერეთლის კომპანია „მშენებელი სამის“ ინტერესებს უკავშირებს – ამის შესახებ ჯიბლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯიბლაძის თქმით, აღნიშნულმა კომპანიამ „სვეტს“ ბაკურიანში მიწა გადასცა, სადაც შენობა უნდა აგებულიყო. მშენებლობის ნებართვების მიღების შემდეგ, „სვეტს“ „მშენებელი სამისთვის“ 150 ათასი დოლარი უნდა გადაეცა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ რადგანაც, ნებართვები არ იყო მიღებული, არც თანხა გადაუხდიათ. ჯიბლაძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლების ინტერესებში იყო, ეს თანხა წინასწარ მიეღოთ.
შსს-მ გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით გუშინ ოთხი პირი დააკავა. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ. ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. მათივე ცნობით, გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).