ეს განხეთქილება ნიშნავს “ქართული ოცნების” სერიოზულ პრობლემას – ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება

ეს განხეთქილება რეალურად ნიშნავს “ქართული ოცნების” ძალიან სერიოზულ პრობლემას, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

ენმ-ში ამბობენ, რომ ეკა ბესელიასა და მმართველი გუნდის ნაწილს შორის დაწყებულმა განხეთქილებამ, “ქართული ოცნების” დაშლას საფუძველი დაუდო.

„როგორი ლეგენდაც არ უნდა შეთხზან, რომელიც იქნება უფრო ლამაზი და უფრო მომგებიანი ამა თუ იმ მხარისათვის, ერთს ვერავინ ვერ აუვლის გვერდს, ეს არის მოსამართლეების საკითხი. ამ მოსამართლეების მხარდამჭერები ფაქტიურად ასრულებენ ივანიშვილისა და ხელისუფლების დავალებას, რომ სასამართლო კორპუსი კვლავ იყოს მორჩილებაში და იგი ემსახუროს ერთ პარტიას, ერთ ადამიანს. ეს განხეთქილება რეალურად ნიშნავს “ქართული ოცნების” ძალიან სერიოზულ პრობლემას და არ არის გამორიცხული, რომ მან საფუძველი დაუდოს “ქართული ოცნების” ამ მონოლითურობის დაშლას,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებს, კლანებს შორის არსებულ დაპირისპირებას უწოდებენ “ევროპული საქართველოს” წევრები.

„რეალურად სასამართლოში ამ კლანის შენარჩუნება სურს ბიძინა ივანიშვილს. ის კორუფცია, რომელიც არის ქვეყანაში და ქმნის სერიოზულ პრობლემებს სურს ბიძინა ივანიშვილს და ჩართულები არიან მისი მინისტრები და მისი ოჯახის წევრები. ასე რომ, ამ ბრძოლის ერთადერთი დანიშნულება არის ბიძინა ივანიშვილის კარზე შიდა ძალაუფლების გადანაწილება, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს არც სასამართლო სისტემაში მდგომარეობის გამოსწორებასთან, არც კორუფციის დამარცხებასთან, არც ქვეყანაში სიღარიბის დამარცხებასთან, თუ სხვა პრობლემების მოგვარებასთან,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეთა სია იმ პირებით არის შედგენილი, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლო სასამართლოს და რეჟიმს ემსახურებოდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტმა სიის განხილვა, ბესელიას გადადგომამდე გადადო. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი პატრიარქი მთელი ერისთვის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითია”
შემდეგი სტატიარეგიონებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება იწყება