„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე” – ოპოზიცია ზურაბიშვილის განცხადებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობის წინააღმდეგია, ოპოზიცია რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამერიკული ბაზები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია და ტერორიზმის ალბათობას გაზრდის. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველომ ამ ტიპის პროვოკაციული ნაბიჯები არ უნდა გადადგას.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც თავის მმართველობას იმპიჩმენტით დაასრულებს.

„ეს არის ერთი ერთში პუტინის ნარატივის გამეორება ეს არის პირდაპირ რუსული პროპაგანდის ტირაჟირება, საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალდებასთან ერთად ეს არის ყველაზე სკანდალური განცხადება, რაც კი გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტს, მე დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად დაასრულებს იმპიჩმენტით, თუმცა იმპიჩმენტამდე მნიშვნელოვანია, რომ მან არ მიაყენოს ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი ასეთი განცხადებებით,”-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუში გაჟღერებული გზავნილები მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. ბაქრაძე მმართველი გუნდისგან განმარტებებს ითხოვს.

„ეს არის სწორედ ის განცხადება, რომელიც პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე, რომ საქართველო არ უნდა იყოს დასავლური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი და ეს ქვეყანა უნდა იყოს მხოლოდ ოკუპანტი რუსის ჯარის ამარა. მე მოვითხოვ ოფიციალურ განმარტებას საქართველოს მთავრობისგან, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას ქალბატონ ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღდმეგება საქართველოს სამომავლო ნატო-ში გაწევრიანების ვალდებულებას და რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს გაწევრიანებას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში,“-განაცხადა დავით ბაქარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპანკისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომელზეც უფრო დეტალურად პარლამენტში ვისაუბრებ
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: გენერალი ჩაჩიბაია მეხუთე კოლონის რიგებს შეუერთდა !