“ლელოს” ლიდერი ბარი ჯაფარიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმიანება და მას ქართველი ხალხის მხარდამჭერ აქტად აფასებს. საქმე ეხება რუსული კანონის ავტორების და ამ პროცესში მონაწილე პირების მიმართ სავიზო შეზღუდვების ახალ პოლიტიკას.
ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ “ოცნების” წარმოებული პოლიტიკის და ძალადობრივის აქტების საპასუხოდ აშშ-ს მხრიდან აუცილებლად შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება.
“დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გამოცხადებული ახალი სავიზო შეზღუდვები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რუსული კანონის ინიცირებასთან- დამტკიცებასთან არიან დაკავშირებული, ემსახურება და წარმოადგენს შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ ნაბიჯს.
რამდენადაც დღეს ჩვენ გვყავს ბოლშევიკური ხელისუფლება, რუსული ინტერესების სამსახურში მყოფი “ოცნების” პოლიტიკოსები და ამ პარტიის დამფუძნებელი, რომელიც სრულიად უგულებელჰყოფს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს, ამიტომ ეს არის შეერთებული შტატების მხრიდან მორიგი მხარდაჭერის აქტი ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი მხარდაჭერის აქტები “ოცნების” წარმოებული პოლიტიკის და ქართველი ხალხის, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული ძალადობრივის აქტების საპასუხოდ, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.