ეს არის სახელმწიფოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით – ზაალ უდუმაშვილი ახალ სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

ქვეყნის ღალატი – ასე აფასებს ოპოზიცია ახალ სკანდალურ ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და საქართველოში წინა ხელისუფლების შეცვლას რუსული სცენარით. “ომეგა ჯგუფის” ადვოკატის განცხადებით აუდიომასალა, ავთენტიკურობის დადასტურების შემთხვევაში, სრულად ეწინააღმდეგება ლევან ყიფიანის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას.

“პრაქტიკულად ეს ადასტურებს იმას, რომ რეალურად ამ შეხვედრებში მონაწილეობდა სხვა პირებიც და გამოდის რომ სხვა პირებიც იღებდნენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას და ეს ალოგიკურია. რა თქმა უნდა ამ ჩანაწერებსაც სჭირდება ექსპერტიზა და დადგენა საკუთარი ავთენტურობის, ისევე როგორც სხვა ჩანაწერებს, მაგრამ ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში ხაზს ვუსვამ, რომ ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ბატონი ლევან ყიფიანის მიერ მიცემულ ჩვენებასთან და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან,”-აცხადებს ადვოკატი გიორგი ფანცულაია.

ჩანაწერები “ნაციონალური მოძრაობისთვის” კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსული პროექტია და სწორედ ამიტომ უჭერს მას მხარს “ქართული ოცნება.”​

“თუ აქამდე ჩვენს საქმე გვქონდა ხელისუფლებასთან, რომელიც იყო ყაჩაღური დაჯგუფება, დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეს ხელისუფლება ყოფილა მოღალატე ხელისუფლება იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დაახლოებული არიან ბიძინა ივანიშვილთან, მისი კარის ბიზნესმენები არიან, თურმე წლების წინ პუტინთან ჰქონდათ პირდაპირი კავშირი და პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და იქ იგეგმებოდა როგორ უნდა ჩამოეგდოთ ხელისუფლება. ეს არის სახელმწიფოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა ვინმეს ებადება კითხვა რატომ არის მათი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და რა გეგმები აქვს რეალურად სალომე ზურაბიშვილს? მე მგონი ყველა კითხვას პასუხი გაეცა ამ ერთი ჩანაწერით,”-აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გუშინ გამოვიდა ე.წ. პრემიერ-მინისტრი და ერთი სიტყვა არ უთქვამს ოკუპაციაზე” – მიხეილ სააკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო
შემდეგი სტატიასუს-მა ირანის მოქალაქეების მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები გამოავლინა