“ეს არის რუსეთთან წინააღმდეგობის ბრძოლა, სხვა საქართველო ჩვენ არ გვაქვს” – ლაშა ბუღაძე უწყვეტ პროტესტზე

მწერალი ლაშა ბუღაძე დღეს თბილისში დაანონსებული მასშტაბური აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს იქნება ისტორიული პროცესის ერთი ეტაპის დასასრული.

მწერალი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ხალხი რუსეთთან წინააღმდეგობის რთულ ბრძოლაშია ჩართული, თუმცა გაჩერებას და თავისუფლების დაკარგვას არ შეეგუებიან.

ერთი წელი ეს არის ძალიან დიდი დრო ასეთი განგრძობითი პროტესტისთვის. 28 ნოემბერს იქნება ძალიან დიდი აქცია. რასაკვირველია, ეს არ არის შემაჯამებელი აქცია, მაგრამ იქნება გაკრვეულწილად ამ ისტორიული პროცესის ერთ-ერთი ეტაპის დასასრული. ეს არის რუსეთთან წინააღმდეგობის ბრძოლა, რომელიც ითვლის მრავალ ათწლეულს, საუკუნეებს ითვლის და მართლაც, ამიტომაც არის ძალიან რთული ფსიქოლოგიურად, ემოციურად, პოლიტიკურად. ადამიანები თავისუფლებას ჰკარგავენ, აბსოლუტური გადაჯეგვის მცდელობაა ყველაფრისა, რაც ადამიანებს აქვთ. მაგრამ, მაინც გაგრძელდება ეს ბრძოლა, იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, სხვა ქვეყანა და სხვა საქართველო ჩვენ არ გვაქვს, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

თბილისში დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება. დაგეგმილია ორი პარალელური მსვლელობა: 19:00 საათზე ერთი კოლონა წამოვა თსუ-ის პირველი კორპუსიდან, ხოლო მეორე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის მხრიდან.

დღევანდელი აქცია დაკავშირებულია იმ განცხადების წლისთავთან, რომელიც ირაკლი კობახიძემ გასულ წელს გააკეთა: „ქართული ოცნება“ 2028 წლამდე არ განიხილავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.

banner
წინა სტატიაშიგახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ზაზა თავაძე პოლიტიკიდან წავიდა
შემდეგი სტატიაიშოპინგეთ SOLO-სთან ერთად – გაეცანით Black Friday-ს შეთავაზებებს