ეს არის, რა თქმა უნდა, გახარიას გადაწყვეტილება – გაერთიანებული ოპოზიცია ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებაზე საუბრობს

ინტერნეტ ტელევიზია “აიტივის” და ონლაინ გამოცემა presa.ge-ს მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის დაკავებას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი ამ წუთებში ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან იკრიბებიან.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ დღეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტი დააკავეს.

„ამ შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რა სტატუსით არის კაპანაძე დაკავებული, ჩვენ არ ვიცით. ჩნდება ეჭვი, რომ პრინციპში დღეს პოლიცია ერთადერთ რამეს ცდილობს, ჟურნალისტები გაანეიტრალოს, იმიტომ, რომ TV1-ის შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ჟურნალისტი იღებდა დარღვევებს, იღებდა იმას, რომ კოორდინატორებს ჰქონდათ სამაგიდო სიები და ამ დარღვევების დროს მოხდა მასზე ძალადობა. ამიტომ, ყველანაირ ზღვარს გადასცდა ჟურნალისტების მიმართ დღევანდელი ქმედება,“ – განაცხადა კორძაიამ.

ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გმობს თინა ბოკუჩავა და ამბობს, რომ ის ჟურნალისტური საქმიანობის დროს დააკავეს.

„ახლა უკვე ნაცვლად იმისა, რომ სხვები ძალადობდნენ “ქართული ოცნების” სახით, თავად პოლიცია ჩაერთო ძალადობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ სხვა ეს არაფერი არ იყო, ეს ადამიანი ახორციელებდა თავის ჟურნალისტურ საქმიანობას,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით, შს მინისტრი სამეგრელოშია და სწორედ მისი პირადი მითითებებით ხორციელდება ჟურნალისტების დაკავებები.

გიორგი ბოტკოველიც ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის მითითებას შს მინისტრს უკავშირებს.

„პირდაპირ იტაცებენ ადამიანს, კი არ აკავებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება გახარიასი, რომ გიორგი კაპანაძემ და იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც კრიტიკულად გააშუქებენ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს დღევანდელი კამპანიის პირობებში, რომ აღარ გააშუქონ, ეს არის ზუსტად მათი გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაში“პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 5 პირია დაკავებული” – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მეგრელებს სტუმარ-მასპინძლობას ვერ გვასწავლიან, უბრალოდ ის ხალხი წავა სახლში და ზუგდიდელები დარჩებიან თავის ახალ მერთან ზუგდიდში