“ეს არის პოლიციური სახელმწიფო, ეს საბჭოთა კავშირიც კი არ არის” – ოპოზიცია ე.წ. ოდეერების სტატუსზე

ე.წ. ოდეერების სტატუსის დაკანონებას, არასაპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ სპეცსამსახურების საშუალებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გააკონტროლოს ხალხი და შეინარჩუნოს მმართველობა.

„გასაოცარია ის მდგომარეობა, რომ მთელი “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერები შუა თბილისში შემოვიდნენ და ამ დროს ჩვენი სპეცსამსახურები მთვარეზე იმყოფებოდნენ და ახლა მოინდომეს დასაქმება კიდევ სამინისტროებში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. გაკოტრებული ოლიგარქი, რომელსაც აღარ დარჩა არც პოლიტიკური სანდოობა, აღარც ზნეობა, აღარც უნარი მართოს ქვეყანა, ამყარებს თავის იმედებს სპეცსამსახურებზე და ძალოვნებზე,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარეს. ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლების ყოფნა არის დაუშვებელი და ეს ქმნის პოლიციურ სახელმწიფოს.

„ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის აბსოლუტურად პოლიციური სახელმწიფო. ეს საბჭოთა კავშირიც კი არ არის. კიდევ უფრო უარესია შეიძლება ითქვას და ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ ბიძინა ივანიშვილმა აკონტროლოს ყველა და ყველაფერი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 18 დეკემბრამდე გადაიდო
შემდეგი სტატიათურქეთში 333 სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ორდერი გაიცა