„ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, განაცხადა ახლად არჩეულმა UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა

„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.

ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა პირველ რიგში ორგანიზაციის მოქმედ გენერალურ მდივანს, ტალებ რიფაის და წევრ სახელმწიფოებს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების ერთიანობის მნიშვნელობას: „დიდი მადლობა თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მინდა დაგპირდეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება, ეს ამ ორგანიზაციის გამარჯვებაა. გპირდებით, რომ ჩვენ ერთად ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი… ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვართ ძმები, დები, ბევრმა ქვეყანამ აღნიშნა ეს და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.’’

ზურაბ პოლოლიკაშვილმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას – პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ვიცე-პრემიერ მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს: „პირადად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს. მისი და ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თაოსნობით განხორციელდა ეს მართლაც რომ ძალიან დიდი მიღწევა. ამ პროცესში იყო ჩართული ძალიან ბევრი ადამიანი. რომ არა ასეთი ერთსულოვნება და ერთად დგომა, ძალიან რთული იქნებოდა ამ ძალიან დიდი მიზნის მიღწევა“, განაცხადა ახალარჩეულმა გენერალურმა მდივანმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში ქ. ჩენგდუში იმართება.

banner
წინა სტატიაშილვოვის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სასაზღვრო პუნქტ „შეგინის“ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიახანძარი ჟვანიას ქუჩაზე – რადიო “ფორტუნასთან” ცეცხლი ბალახებს მოედო