„ეს არის სრულიად ლოგიკური ნაბიჯი ამ ხელისუფლებისთვის, რომელსაც გამოელია რეპრესიული მეთოდები და აღარ იცის, რა გააკეთოს“, — ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალი, კომუნიკაციების მონიტორინგის სამმართველოს შექმნას.
ზურაბიშვილის განცხადებით, ჯარიმებმა, ახალგაზრდების ციხეში ჩასმამ და უნივერსიტეტებიდან სტუდენტების აყვანამ არ იმუშავა, რის გამოც „ოცნება“ საზოგადოების დასაშინებლად და დასათრგუნად ახალ მეთოდებს იგონებს.
„ეს არის სრულიად ლოგიკური ნაბიჯი ამ ხელისუფლებისთვის, რომელსაც გამოელია რეპრესიული მეთოდები და აღარ იცის, რა გააკეთოს. ჯარიმები, ახალგაზრდების ციხეში ჩასმა, თუნდაც უნივერსიტეტებიდან სტუდენტების გამოყვანა და მათი საპატიმროში გადაყვანა… დღეს ქალი ელოდებოდა რუსთაველის გამზირზე, პოლიცია როდის მოვიდოდა მის დასაჭერად. ამ რეპრესიულმა ნაბიჯებმა არ იმუშავა და ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, უფრო და უფრო ღრმად შევიდეს საზოგადოების კონტროლში.
ეს არის პირდაპირი რუსული მოდელი. სხვა არაფერი გაუკეთებია ამდენი წლის მანძილზე რუსულ რეჟიმს, როცა თავისი საზოგადოების დამონება უნდოდა — და მან ეს შეძლო. მაინც, რუსეთის საზოგადოება სხვანაირად არის მოწყობილი, სხვანაირად რეაგირებენ ამ ყველაფერზე, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ დანერგეს ეს შიში, რაც მათი მახასიათებელია. ვხედავთ, რომ უფრო და უფრო რაღაცებს იგონებენ ან კოპირებენ რუსეთიდან, იმიტომ რომ დააშინონ და დათრგუნონ საზოგადოება“, — განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქლაივში, სადაც მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.
ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილს ჰკითეს, რაში დასჭირდა ხელისუფლებას საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგის“ სამმართველოს შექმნა.
















