„საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“ – ევროკომისიის მძიმე ანგარიშის შემდეგ თბილისში პირველი შეფასებები კეთდება.
ხატია დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ ქვეყანა და ხალხი მართლაც დაკარგავს უვიზო მიმოსვლის უფლებას, ეს მთლიანდ სწორედ “ოცნების” დამფუძნებლის პასუხისმგებლობა იქნება.
დეკანოიძის თქმით, “ოცნებას” სურს, რომ ქართველმა ხალხმა არა ევროპულ სახელმწიფოებში, არამედ რუსეთსა და აშხაბადში იარონ.
შესაძლებელია, ქართველმა ხალხმა დაკარგოს ეს სიკეთე. ნამდვილად, ეს არის მოსალოდნელი. ეს არის ივანიშვილის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეები უნდა წავიდნენ აშხაბადში, უნდა იარონ რუსეთში ვთქვათ, საფრანგეთის, გერმანიის ნაცვლად და საბოლოო ეტაპი შემდეგ იქნება უკვე რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს გაიწვევს რუსეთი ჯარში, ისევე, როგორც ამას უკეთებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზ თანამოქალაქეებს და ასევე ცხინვალის რეგიონში ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ძალიან რეალური საფრთხე და ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა, მათ შორის “ქართული ოცნების” რეჟიმის გულშემატკივარი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.


















