ეს არის მთავრობის ძალიან დიდი ჩავარდნა, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ზაზა გახელაძის საქმის მიმართ.
კაპანაძის თქმით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი ჩავარდნა, ხოლო მთავრობამ, იმის ნაცვლად, რომ რაიმე რეაგირება მოახდინოს, პირიქით, იმაზე ზრუნავს, რომ გახელაძის ოჯახს კონტაქტი არ ჰქონდეს ოპოზიციასთან.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ევროპული საქარველოს შემუშავებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტური ამოქმედება მოახდენდა ამგვარი ფაქტების პრევენციას, თუმცა ხელისუფლებას ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
„ეს არის ძალიან დიდი ჩავარდნა მთავრობის, რომ ჩვენი მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ასეთი ტიპის სანქციის ქვეშ ხვდება, სრულიად უდანაშაულო, არაფერი არ დაურღვევია და ის, რომ სახელმწიფო სამსახურები რეაგირებით კი არ არის დაკავებული, არამედ უშიშროება იმაზე ზრუნავს, რომ ოპოზიციასთან კონტაქტი არ ჰქონდეს ოჯახს და რაიმე ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და აცდენილი აქვთ აქცენტები მთავარ პრობლემებზე.
ამიტომ იყო მნიშნელოვანი, რომ ეფექტური ყოფილიყო ამოქმედებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელიც ევროპულმა საქართველომ შესთავაზა და მაშინ გაიტანა პარლამენტში და ჩვენ ვიცით, რომ მას შემდეგ არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ რომ ეს სია ყოფილიყო ეფექტური და ეს ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ჩვენი მოქალაქეების წამებაზე, მოკვლაზე, უკანონო დატყვევებაზე მათ შორის, რომ მათ მიმართ ყოფილიყო სანქციები გატარებული, ეს იქნებოდა გარკვეული ტიპის პრევენცია, რომ მსაგვსი რამეები აღარ მომხდარიყო და არარ მოხდეს მომავალში ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ზაზა გახელაძის დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
შემდეგი სტატიააფხაზური მედია ალექსანდრე ანქვაბის პირველ ფოტოს აქვეყნებს