,,ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია, არ შეესაბამება რეალობას”-სკანდალური ფარულ ჩანაწერში მონაწილე გია დანელია დაკითხვის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

სკანდალური ფარული ჩანაწერი – ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ადგილობრივი საკრებულოს წევრის, გია დანელიას დაკითხვა დასრულდა.

დანელიას იმ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვები, რომელიც გასაჯაროვდა და სადაც ისმის დეპუტატის მითითებები ამომრჩევლის დაშინებასთან დაკავშირებით.

დაკითხვიდან გამოსული დანელია აცხადებს, რომ ჩანაწერი მონტაჟია. ის უარყოფს წინასაარჩევნოდ მსგავს შეხვედრას და აცხადებს, რომ ეს საუბარი არასაარჩევნო თემას შეეხებოდა და შემდეგ ის დაამონტაჟეს.

დანელიამ დღეს ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ გამოძიებისთვის მისი ხმის ნიმუში უკვე აღებულია. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოში თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

„მე ვამბობ, რომ ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია, არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, 2 წლის წინ, მე მქონდა საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან და როცა გავაანალიზე ჩანაწერი, ვიდეო როცა გავაანალიზე, ვიფიქრე, რომ გახლავთ სწორედ ეს პიროვნება, რომელიც მე დავასახელე. თუ რაფავას ექნება სურვილი, მოვიდეს და თქვას სიმართლე. მან ჩემი ხმის ჩანაწერი გააკეთა, ამ ხმის ჩანაწერზე შემდეგ გააკეთა მონტაჟი, ფაბრიკაცია გააკეთა და დაადო მისთვის სასურველი ტექსტი, რომელიც იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების და ჩემი დისკრედიტაციისთვის,“ – განაცხადა გია დანელიამ.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ვისაც ვერ მოისყიდიან დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ.

ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სახელისუფლებო პარტია არჩევნების მოსაგებად ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობასაც არ ერიდება.

banner
წინა სტატიაში,, ბიძინა ივანიშვილი სრულად გაკოტრებულია ქართველი ამომრჩევლის თვალში”-აბესაძე
შემდეგი სტატია„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დაცვის თანხლებით ზუგდიდში ჩავიდა