ეს არის ღიმილისმომგვრელი – “ენმ” მელიას ინიციატივაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, ინიციატივას, რომელიც “ნდობის უფლებამოსილი საბჭოს” შექმნას შეეხებოდა, პარტიაში პასუხობენ.

დეპუტატ გიორგი ბოტკოველის თქმით, ინიციატივა პარტიის “უფრო მეტად გახლეჩას ემსახურება.” მისივე თქმით, დოკუმენტი, რომელსაც მესამე პრეზიდენტის ინიციატივით პარტია გამოაქვეყნებს იქნება თავიდან ბოლომდე დამყარებული ერთობის პრინციპებზე.

“ეს არის ღიმილისმომგვრელი უბრალოდ, როდესაც რაღაცა მისი მცდელობა იყო, რომ რაღაც დაესწრო მიხეილ სააკაშვილისთვის ან “ნაციონალური მოძრაობისთვის.” მან კარგად მოისმინა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, დარწმუნებული ვარ. მოისმინა, რომ სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც შედგება და რომელიც გამოქვეყნდება, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოაქვეყნებს “ნაციონალური მოძრაობა.” ეს დოკუმენტი იქნება თავიდან ბოლომდე დამყარებული ერთობის პრინციპებზე.

რაც შეეხება, აი, ამ ნდობის ჯგუფს თუ ნდობის საბჭოს, თუ ვერ გავიგე, თუ კარგად გადაავლებთ თვალს, ნდობის ამ დოკუმენტს არაფერი არ ურევია. რა ვიცი, პარტიის გაუქმებას ითხოვს, პოლიტსაბჭოს გაუქმებას ითხოვს, სამდივნოს გაუქმებას ითხოვს,” – ამბობს ბოტკოველი.

თინა ბოკუჩავა კი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ინიციატივა გაერთიანებისთვის კარგი გზამკვლევია და მელიას აკრიტიკებს:

“არ მესმის ივანიშვილის, პუტინის ტყვეობაში მყოფ პრეზიდენტს რა კონტრშეთავაზებას უკეთებს ნიკა მელია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან კონკრეტული ინიციატივა წარმოადგინა. ეს არის ერთობის მანიფესტი, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით” გავერთიანდეთ და, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ვაჩვენოთ როგორ ვხედავთ მომავალ რამდენიმე თვეს ამ გეოპოლიტიკური, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ,” – ამბობს ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ თაიფ ერდოღანმა ენტონი ბლინკენთან ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის ყოველდღიური რაოდენობის გაზრდის საკითხი განიხილა
შემდეგი სტატიაწერეთელი – „ევროპული საქართველო“ ხვალ ამომრჩეველს საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს