,,ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება”-,,ოცნება” “რუსთავი 2”-ის გარეშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენ „ქართული ოცნების“ წევრები სამაუწყებლო კომპანიაზე დაწყებულ მორიგ შეტევას ეხმაურებიან.

საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რითაც ის დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. ამ მოთხოვნის უკან, კი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ხელისუფლება დგას.

“რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორის ბრალდებებს და ხელისუფლების მხრიდან “რუსთავი 2”-ზე მორიგი ზეწოლის ფაქტს უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში. თუმცა “ქართულ ოცნებაში” არ მალავენ, რომ სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკა მათთვის მიუღებელია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ი კრიტიკული უნდა დარჩეს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ფაქტები თანაბრად უნდა გააშუქოს.

„ვფიქრობ, გამორთვა არის გადაჭარბებული შეფასება. ბუნებრივია, ქვეყანაში რჩება არაერთი გამოწვევა. “რუსთავი 2”-თან მიმართებაში მეც ვისურვებდი, რომ კრიტიკა აუცილებლად უნდა დარჩეს, თუმცა, ის პოზიტივები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, როგორც ცენტრალურ, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე, იყოს, ასევე თანაბრად გაშუქებული,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

თანაგუნდელის პოზიციას სრულად იზიარებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეც. რატი იონათამიშვილი “რუსთავი 2”-ს გამოხატვის ფორმებსა აკრიტიკებს. მმართველი გუნდის დეპუტატი ხაზგასმით ამბობს, რომ დავა მეწილეებს შორის მიმდინარეობს და ამასთან კავშირი “ოცნებას” არ აქვს.

„ეს არის ერთი კომპანიის მეწილეებს შორის არსებული დავა და უსაფუძვლოა ამ დავაში პოლიტიკური სარჩულის დადება. მე არ მგონია, რომ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც ფიქრობდნენ იმას, რომ მედიას დღეს არ აქვს სიტყვის გამოთქმის თავისუფლება. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენს ტელევიზიაში არა მარტო სიტყვის, არამედ გინების თავისუფლებაც არსებობს. ფაქტი, როგორც ინფორმაციის წყარო არ მიეწოდება მიზანმიმართულად ჩვენს მაყურებელს, ნუ ეს არის ტელევიზიის საკადრო პოლიტიკა, მას აქვს ამის უფლება, ცხადია, რომ ჰქონდეს. მე ყოველთვის მირჩევია, რომ ობიექტურობის მაღალი სტანდარტი არსებობდეს ყველა ტელევიზიაში,“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით, ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილმა ყველაფერი წაიღო და ახლა “რუსთავი2”-ის წაღება სურს-ნინო ჯანგირაშვილი
შემდეგი სტატიაშევარდნაძის მთავრობის ჩინოვნიკი სუს-ში – გომელაურის მოადგილედ ფიცხელაური დაინიშნა