პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი მცხეთასა და ლევილს შორის დაძმობილების კატეგორიული წინააღმდეგია. ზურაბიშვილი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზვიად გონაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ლევილსა და მცხეთას შორის დაძმობილების მიზნით, მემორანდუმის ხელმოწერაზე ისაუბრა:
“ეს სრულიად შემაშფოთებელია. არ შეიძლება, მცხეთასა და ლევილს შორის იყოს დაძმობილების პროექტი გაფორმდეს. არ ვიცი, იყავით თუ არა ლევილში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ეს არის ერთ-ერთი მიყრუებული სოფელი პარიზის გარშემო. არ შეიძლება, ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ლევილი დაძმობილებული იყოს მცხეთასთან, რომელსაც სულ სხვა დატვირთვა აქვს. ლევილი ის ადგილია, სადაც შემთხვევით საქართველოს ემიგრაციის იმ დროინდელი ადგილსამყოფელი დაარსდა, სადაც მათი ისტორიის ნაწილი დამკვიდრდა. იქ არც ერთი ღირსშესანიშნავი მოვლენა არ მომხდარა, რომელიც საქართველოს ისტორიაში უნდა დარჩეს და ეს მხოლოდ და მხოლოდ მცხეთის მნიშვნელობის დაქვეითებაა. ამიტომ, კატეგორიულ წინააღმდეგობას გამოვთქვამ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.