26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი – შიო III-ის სიტყვა შედეგების გამოცხადების შემდეგ

“ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ განაცხადა.

“გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება”, – თქვა ახალმა პატრიარქმა  და მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.

„ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს ღირს ალექსი სენაკელს და სხვა მოღვაწეებს შემწეობისა და მფარველობისთვის. მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად, ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად პასუხისმგებლობა. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება“,- აღნიშნა შიო III-მ.

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] გახდა. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მიმართავს
შემდეგი სტატიაკობახიძე: დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა