ეს არჩევნები იქნება წყალგამყოფი ქვეყნის განვითარებისთვის – არასამთავრობოები პომპეოს ზარზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს გზავნილებს არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ ეს ეტაპი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძის თქმით, მაიკ პომპეოს Twitter-ის პოსტიდან ნათლად ჩანდა, რა იყო საუბრის მთავარი აქცენტი.

საეთაშორისო პარტნიორები ამ არჩევნებს არ უყურებენ, როგორც რიგით მორიგ არჩევნებს, ეს არჩევნები არის წყალგამყოფი რეალურად, განვითარების რა გზას ირჩევს ქვეყანა და ბუნებრივია, ამ გიზს არჩევაში მნიშვნელოვანი როლი შეუძლია შეასრულოს მმართველმა პარტიამ, – თქვა სულხან სალაძემ.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე აღნიშნავს, რომ ამერიკის ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არ შემცირებულა.

ეს ინტერესი არ შემცირებულა მათი მხრიდან და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ის, რომ ქვეყანა განვითარდეს დემოკრატიულად და აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს, რასაც დემოკრატიული ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს – ამბობს ნიჟარაძე.

ევროპული კვლევების დირექტორი გიორგი რუხაძე აღნიშნავს, რომ არჩევენების გარდა სტრატეგიული პარტნიორი სასამართლო სისტემას და მის გამოყენებასაც დააკვირდება.

მაიკ პომპეომ რეალურად უკვე დაიწყო საქართველოს შემოწმება ისე, როგორც ამას ითხოვს ამერიკის კონგრესი, მიანიშნა პრიორიტეტები საქართველოს პრემიერმინისტრს და თქვა გასაგებად, რომ დააკვირდება ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან ახლოდან, თუ როგორ ჩაივლის არჩევენები, რამდენად იქნება ის სამართლიანი და თავისუფალი – თქვა რუხაძემ.

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. მთავრობის განცხადებით, მხარეებმა გლობალური პანდემიის საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს სიამოვნებით უმასპინძლებს.

პრემიერმა და აშშ სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

სატელეფონო საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლახან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდას საქართველოს პარლამენტში და ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესში, – წერია მთავრობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 76% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
შემდეგი სტატიათბილისის მუნიციპალიტეტი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა