„ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება, ეს იქნება გაერთიანება კონკრეტული ხედვების გარშემო“

„ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება. ეს იქნება გაერთიანება კონკრეტული ხედვების გარშემო,“ – ასე აფასებს პაატა ბურჭულაძის პარტიისა და ახალ არჩევანს შორის შესაძლო გაერთიანებას, საარჩევნო ბლოკი ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი, ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს სვლა ნატო-სა და ევროპისკენ.

„ეს არ იქნება არავის წინააღმდეგ გაერთიანება. ეს იქნება გაერთიანება კონკრეტული ხედვების გარშემო. მათ შორის პირველ რიგში, ის რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ევროპისკენ და ნატო-სკენ და მეორე ეს არის, რომ საქართველოში უნდა მოხდეს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ დავძლიოთ მთავარი პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, ეს არის სიღარიბე. მმართველი გუნდი არის შეშინებული, იმიტომ რომ მათი რეიტინგი არის დაბალი და მე ვერ ვხედავ ვერანაირ შანს, რომ მათ რეიტინგი ასწიონ. ამიტომ მე მესმის, რომ მათ შიშისგან და პანიკისგან, ისინი რაღაც განცხადებებს გააკეთებენ,“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაერთიანების შესახებ კომენტარი გააკეთა საარჩევნო ბლოკი ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი, სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემაც.

„უნდა ჩამოყალიბდეს ძლიერი პოლიტიკური ერთობა საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად და იმ პრობლემებს მოსაგვარებლად, რაც ქვეყანაშია. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები პროდასავლური თვალსაზრისით, გვაქვს საერთო ხედვები ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ჩვენი გუნდების გაერთიანებით, შეგვიძლია ძალიან ბევრს მივაღწიოთ. ამ შემთხვევაში, ამ გაერთიანებას ექნება დიდი განაცხადი იმისთვის, რომ საბოლოოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პაატა ბურჭულაძის პარტიასა და ახალ არჩევანს შორის კონსულტაციები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს ჟენევაში შეხვდა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ძებნის ოპერაციაში თურქული მხარე ოფიციალურად ჩაერთო