„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“- აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანში, ბელაქანის ოლქში ცოტა ხნის წინ დასრულდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი. ბრალდება მას საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

„ეს არ არის პროცესი, ეს არის კომედია“- ეს განცხადება, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, სასამართლო სხდომის შეფასებისას გააკეთა.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროცესზე 9 შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მხოლოდ ერთი დაუკმაყოფილა, რომელიც ბრალდებულის ადვოკატის გვერდით ჯდომას ეხებოდა. დანარჩენი რვა შუამდგომლობა, მათ შორის საზღვარზე არსებული ვიდეომასალის საქმისთვის დართვა, ექსპერტიზის ჩატარება მტკიცებულების სახით ამოღებულ ფულზე, არ დაკმაყოფილდა.

„აფგან მუხთარლი იძიებდა მმართველი ოჯახის კორუფციულ სქმეებს და აქვეყნებდა მას. თვლის, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს არის. დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დავაყენეთ, მათ შორის იმაზე, რომ სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების არარსებობის გამო დასრულებულიყო. საქართველოს პრეზიდენტის 11 სექტემბერს გაკეთებული განცხადება, ასევე ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული რეზოლუცია მოწმობს, რომ აფგან მუხთარლი იყო მოტაცებული საქართველოდან. ჩვენ ვთვლით ჩვენი ეს მტკიცებულებები საკმარისზე მეტია, თუმცა სასამართლომ ისინი მხედველობაში არ მიიღო,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა ნიმათ კარიმლიმ.

სასამართლო პროცესს სამოქალაქო აქტივისტები და აფგან მუხთარლის მეგობრები ესწრებოდნენ.

„ეს არის აბსურდული საქმე, ადამიანი მოიპარეს თბილისიდან და ჩამოიყვანეს აზერბაიჯანში. ახლა კი ასამართლებენ იმის გამო, რაც მას არ გაუკეთებია. აფგან მუხთარლის საქმეში ყველა მოწმე, რომელიც მის წინააღმდეგ გამოდიოდა არიან მესაზღვრეები. ანუ ისინი დამოკიდებულები არიან საკუთარ ხელმძღვანელობაზე,“-აცხადებს ჟურნალისტი ჰაჯიდა ისმაილოვა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესს, „ადამიანის უფლებათა სახლის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. რუსუდან მჭედლიშვილის აზერბაიჯანში საგანგებოდ მუხთარლის პროცესისთვის ჩავიდა.

მჭედლიშვილის თქმით, დაცვის მხარეს შუამდგომლობებზე უარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვათ.

აფგან მუხთარლის საქმის განხილვა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის ელჩი ეხმაურება
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარს არ დაუჭერს