“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე მედიასთან აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს.
„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინააღმდეგობაში და კონფრონტაციაში შევიდეთ. ვაპირებთ, რომ ეს აქცია მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ.
ზოგადად, ჩვენ უნდა განვაახლოთ აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებში. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ თამაშობს მთავარ როლს. ეს აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა. პირიქით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს. ასე ვუყურებთ ჩვენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამ პირობებში, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ჩვენ წნეხი მოვახდინოთ რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, ეს არის აქციები,“ – განაცხადა წითლიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, რიყის პარკში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” უარი მიიღო, თუმცა ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.








