„ეს ადამიანი „ქოცი“ ვერ გახადეს და ამიტომაც დევნიან!“ – კახური სკანდალი ჭურჭლის სარცხი ჟელესა და ტუალეტის ქაღალდის აკომპანიმენტით

 

sibashviliადვოკატი გიორგი სიბაშვილი საბავშვო ბაღის მენეჯერის დისკრიმინაციის დეტალებს ასაჯაროებს

 

ამბავი, რომელსაც იურიდიული კომპანია GS&BARRIS დირექტორი, ადვოკატი გიორგი სიბაშვილი ყვება, ბეტსელერი ვერა, მაგრამ შესაძლოა, ქართული სამართლის ერთ-ერთი მთავარი კურიოზი გახდეს. დიახ, სიტუაცია, მართლაც, კურიოზულია, რადგან სისხლის სამართლის გამოძიებაში ჭურჭლის სარეცხი ჟელე, ღრუბელი და ტუალეტის ქაღალდი ფიგურირებს, ანუ უტრირებულად რომ ვთქვათ, სამართალდამცავები იმის დადგენას ცდილობენ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღის ყოფილ მენეჯერს ტუალეტის ქაღალდი მაინცდამაინც საპირფარეშოში რატომ შეჰქონდა და რატომ აღმზრდელებს არ აძლევდა? ისე, კურიოზი იქით იყოს და, გიორგი სიბაშვილის განცხადებით, სახეზე ტიპური პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაციაა. ყველაფერი კი, როგორც სიბაშვილი განმარტავს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მარინე ბიღიაშვილ-მანეჟაშვილმა 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაიონის საკრებულოში მოხვედრა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით გადაწყვიტა…

 

გიორგი სიბაშვილი, ადვოკტი: – მარინე ბიღიაშვილი-მანიჟაშვილი 2007 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში საბავშვო ბაღის მენეჯერად დაინიშნა. სოფელში საბავშვო ბაღი, პრაქტიკულად, არ არსებობდა – სოფლის საკრებულოს შენობაში იყო შესახლებული და მთელი სოფელია მოწმე, რომ საბავშვო ბაღი სწორედ ამ ქალბატონმა შექმნა – მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ძალიან ბევრი რამ გააკეთა და საბავშვო ბაღში ოთხი ჯგუფი გაიხსნა.

მოკლედ, ეს ქალბატონი სოფელში საკმაოდ ავტორიტეტული პიროვნებაა და 2014 წელს, გადაწყვიტა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რაიონის საკრებულოშო კენჭი სოფლიდან დამოუკიდებლად ეყარა. ადგილობრივმა „ქოცებმა“ კატეგორიულად მოსთხოვეს, რომ კენჭისყრაზე უარი ეთქვა, მაგრამ მუხედავად იმისა, რომ დეპუტატი ვერ გახდა, კანდიდატურა მაინც არ მოხსნა.

– კანდიდატურის მოხსნა ოფიციალურად მოსთხოვეს?

– არა, წერილს ხომ არ მისწრედნენ? დაუძახეს  და თითი დაუქნიეს, კენჭი არ იყაროო, მაგრამ მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ქალბატონი მარინეს დევნა დაიწყო.

– ანუ?

– არჩევნების შემდეგ, მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მეშვეობით, არაერთხელ მოსთხოვეს, რომ განცხადება დაეწერა და საბავშვო ბაღის მენეჯერობიდან წასულიყო. სხვა შემთხვევაში, გაათავისუფლებდნენ. ქალბატონ მარინეს, როგორც ბაღის გამგეს, ბაღების გაერთიანების დირექტორთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, რომელმაც რამდენჯერმე უთხრა, რა ვქნა, ჩემო კარგო, მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი გერგიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი მავალებენ, რომ უნდა წახვიდეო.

მოკლედ, ამ გაფრთხილებების მიუხედავად, მარინე ბიღიაშვლ-მანიჟაშვილმა სამსახურიდან წასვლაზე განცხადება არ დაწერა. ამასობაში, 2015 წელიც დადგა და საინტერესო პროცესებიც დაიწყო.

– კონკრეტულად?

– ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით… საერთოდ, წესია, რომ საბავშვო ბაღებში გაერთანება ყოველთვიურად მონიტორინგს ატარებს. მონიტორინგი, ცხადია, სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღშიც ტარდებოდა, მაგრამ დარღვევა ერთხელაც არ გამოვლენილა და ამის დამადასტურებელი აქტებიც არსებობს. გარდა ამისა, ბაღებს პერიოდულად სურსათის უვნებლობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებიც ამოწმებენ, მაგრამ დარღვევები არც მათ გამოუვლენიათ. ერთადერთხელ, დადგინდა, რომ მთელ სოფელში წყალი სასმელად უვარგისი იყო. ამის გამო, გაერთიანების დირექტორმა ბაღის მენეჯერს დაავალა, ნება იბოძე და წყალი წყაროდან საკუთარი ხარჯებით მოიტანეო და ასეც იქცეოდა. ერთი სიტყვით, ქალბატონ მარინეს რომ ვერაფერი მოუხერხეს, ადგნენ და უფროსი აღმზრდელი, ანუ მოადგილე დაუნიშნეს.

– ამის უფლება ბაღების გაერთიანებას ჰქონდა?

– დიახ, ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს უფროსი აღმზრდელი მეზობელ სოფელ კოლაგის ბაღიდან გამოგდებული მასწავლებელია.

– იცით, ბაღიდან რა მოტივით გამოაგდეს?

– დახასიათებიდან, მშობლების განცხადებებსა და პროფკავშირების გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ მისი კვალიფიკაცია მასწავლებლის კვალიფიკაციას არ შეეფერება, ასევე, ბავშვებსა და მშობლებთან ურთიერთობაში არაეთკური ქცევები აქვს. სხვათა შორის, ეს ქალბატონი „ოცნების“ აქტივისტია.

– ანუ, „ოცნების“ აქტივისტი უფროსი აღმზრდელია?

– დიახ და ჭანდრის საბავშვო ბაღში იმიტომ მიიყვანეს, რომ მისი დახმარებით  სიტუაცია შეექმნათ და ქალბატონი მარინე როგორმე გაეთავისუფლებინათ.

– მანამდე ჭანდრის საბავშვო ბაღში უფროსი აღმზრდელი ვინ იყო?

– არავინ, ანუ ასეთი შტატი არ არსებობდა და სპეციალურად „ოცნების“ აქტივისტისთვის დაუშვეს. ადგილობრვმა პროფკავშირმა მოკვლევა ჩაატარა და გაერთიანების დირექტორს უფროსი აღმზრდელის გათავისუფლება მოსთხოვა, თან დაასაბუთა, თუ რატომ უნდა გაეთავისუფლებინა, მაგრამ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეს მოთხოვა, როგორც იტყვიან, ძაღლად არ ჩააგდო და პროფკავშირმა დავა სასამართლოში დაიწყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს სარჩელი არ განხილულა, მაგრამ საგულისხმოა, რომ პროფკავშირის სარჩელს, რომელიც 2015 წლის 2 მარტითაა დათარიღებული, დოკუმენტაცია, მათ შორის, ბაღების შინაგანაწესიც ერთვის, რომლის ასლიც მაქვს.

– ბატონო გიორგი, შინაგანაწესს ხაზს რატომ უსვამთ?

– ამ დეტალს აუცილებლად დავუბრუნდები, თუმცა მანამდე გეტყვით, რომ ჭანდრის საბავშვო ბაღში დაძაბული სიტუაცია შეიქმნა. კერძოდ, უფროსმა აღმზრდელმა ქალბატონ მარინე ბიღიაშვილ-მანიჟაშვილს გამოუცხადა, ჩემი უფროსი არ ხარ, ჩემმა ხელმძღვანელობამ მითხრა, ჩვენს გარდა არავის ემორჩლები და ამიტომ, როცა მინდა მოვალ, როცა მინდა, წავალო. ერთი სიტყვით, საბავშვო ბაღში სიტუაცია დაიძაბა. ქალბატონმა მარინემ მუნიციპალიტეტის გამგებლის და ბაღების გაერთიანების დირექტორის სახელზე ახნა-განმარტება დაწერა, ასეთი და ასეთი მდგომარეობააო, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. ამასობაში, უფროსმა აღმზრდელმა, ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად, მენეჯერის წინააღმდეგ საჩივრების წერა დაიწყო, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდა… ამის გამო არაერთი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის, მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, უფროს აღმზრდელს თავი გაანებეთო და ბაღის თანამშრომლებს ურჩია, თუ კორიდორის ბოლოში დაინახავთ, თქვენ კორიდორის თავში წადითო.

სხვათა შორს, ამ შეხვედრის მოწმეები არსებობენ, რომლებიც ჩვენებას სასამართლოზე მისცემენ, თუმცა მათზე ტოტალური ზეწოლა ხორციელდება… ამ დავიდარაბის დროს, საბავშვო ბაღის მენეჯერს რამდენჯერმე კიდევ შესთავაზეს, რომ განცხადება დაეწერა და სამსახურიდან წასულიყო, მაგრამ ქალბატონმა მარინემ პრინციპული პოზიცია დაიკავა და განცხადება არ დაწერა.

ამასობაში, 2015 წლის ოქტომბერიც დადგა და საბავშვო ბაღის ერთ-ერთმა აღმზრდელმა ჭიკარტი გადაყლაპა, ამ პერიოდში სააღმზრდელო ჯგუფი იმ აღმზრდელს უყირადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. ღვთის მადლით, ეს ბავშვი გადარჩა, მაგრამ მომხდარის შესახებ მენეჯერს კი არა, პირდაპირ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს შეატყობინეს. ყველაფერ ამის შესახებ მენეჯერმა მხოლოდ მეორე დღეს გაიგო.

– როცა ბავშვმა ჭიკარტი გადაყლაპა, მენეჯერი სამსახურში არ იმყოფებოდა?

– ბაღის მენეჯერს ეს ფაქტი დაუმალეს და ვიდრე სამუშაო საათები არ დამთავრდა და მენეჯერი სამსახურიდან არ წავიდა, მანამდე ბავშვი საავადმყოფოში არ გადაიყვანეს… მენეჯერმა ბაღების გაერთიანების დირექტორის სახელზე მოხსენებითი ბარათი დაწერა, რაკი ასეთი შემთხვევა მოხდა, შესაბამისი ღონისძიება გაატარეთო. ბაღების გაერთიანების დირექტორმა აღმზრდელსა და ექთანს საყვედური გამოუცხადა, რის გამოც ეს აღმზრდელი, რომელიც, უფროსი აღმზრდელის მსგავსად, „ოცნების“ აქტივისტია, ბაღის მენეჯერს დაუპირისპირდა… ასე იყო თუ ისე, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მეორე თუ მესამე დღეს, ზემოხსენებული ბრძანება ყოველგვარი მოტივაციის გარეშე გააუქმა.

– ანუ, ის ბრძანება გააუქმა, რომლითაც აღმზრდელსა და ექთანს საყვედური გამოუცხადა?

– დიახ…

– ბატონო გიორგი, ე.წ. ჭიკარტის ინციდენტი საბავშვო ბაღის მენეჯერის წინააღმდეგ გამოიყენეს?

– არა.

– აბა, ამ შემთხვევას რატომ იხსენებთ?

– რატომ და, – ამ ფაქტით დასტურდება, რომ ქალბატონი მარინე დისკრიმინაციის მსხვერპლია… ზუსტად ესაა დისკრიმინაცია და თანამშრომლების გაერთიანების დირექტორის მხრიდან არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.

– უკაცრავად, მაგრამ კონკრეტულად ამ ფაქტიდან მე ასეთ შთაბეჭდილება არ შემექმნა…

– ყველაფერს მოგიყვებით და დასკვნა მერე გამოიტანეთ… მოკლედ, საბავშვო ბაღის მენეჯერზე ზეწოლა „ჭიკარტის ინციდენტის“ მერეც გაგრძელდა და კიდევ არაერთხელ უთხრეს, რომ განცხადება დაეწერა, რაზეც უარი მიიღეს. ქალბატონმა მარინემ უთხრათ, განცხადებას არ დავწერ და თუ მაგრები ხართ, გამათავისუფლეთო…

2016 წლის 10 მარტს, საბავშვო ბაღში სურსათის უვნებლობის სამსახური შედის და სანიტარულ, ეპიდემიოლოგიურ, ინვენტარულ და, ერთი სიტყვით, დეტალურ შემოწმებას ატარებს, რაზეც 14-გვერდიან აქტს წერს, სადაც აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში ყველაფერი წესრიგშია. ამასობაში, მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე უფროსი და რიგითი აღმზრდელის მხრიდან განცხადებები იწერება. ორივე განცხადების ლაიტმოტივი ისაა, რომ ჭანდრის საბავშვო ბაღის მენეჯერი ცუდია. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამ განცხადებების განხილვას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ავალებს, რომელიც 15 მარტს საბავშვო ბაღში მიდის და მენეჯერს საქმის ვითარებას აცნობს.

– ამ განცხადებებში მენეჯერის სიცუდე დასაბუთებულია?

– არა და ამაზე ყურადღებას სწორედ ამიტომაც ვამახვილებ. მოკლედ, ბაღების გაერთანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი  მარინე ბიღიაშვილ-მანიჟაშვილს ეუბნება, შენზე ხელებიც დამიბანია, ხედავ,  რა განცხადებებია დაწერილი და რით ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდეო, თან ყველაფერი ეს სახალხოდ ხდება. პარალელურად, ვითომ მონიტორინგის აქტს ადგენენ, რომელზეც მოგვიანებით დანართები ჩნდება, სადაც წერია, რომ სანიტარულ-ჰიგიენური დარღვევების გამოსასწორებლად საბავშვო ბაღის მენეჯერს ვადა პირველ აპრილამდე მიეცა, თუმცა ამის შესახებ ჩვენ მოგვიანებით გავიგეთ. მანამადე კი, 17 მარტს ბაღების გაერთიანების დირექტორმა ქალბატონ მარინეს, გამგებლის სახელზე დაწერილი განცხადებების საფუძველზე, სასტიკი საყვედური გამოუცხადა. არადა, ამის უფლება არ ჰქონდა.

– რატომ?

– რატომ და, – წეღან შინაგანაწესი ვახსენე, რომელიც სასტიკ კი არა, ჩვეულებრივ საყვედურს ითვალისწინებს.

– ეს ხომ, უბრალოდ, სიტყვების თამაშია და რა მიშვნელობა აქვს, ადამიანს სასტიკ საყვედურს გამოუცხადებენ თუ ჩვეულებრივს?

– როგორ გეკადრებათ! სიტყვა „სასტიკს“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინიადან ე. წ. სველი ბეჭდით დამოწმებული შინაგანაწესის დედანი სასტიკ საყვედურს არ ითვალისწინებდა, სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და ამ ბრძანების გაუქმება მოვითხოვეთ. სანაცვლოდ, მოპასუხე მხარემ „შესაგებელი“ შეიტანა, სადაც შინაგანაწესი შეცვლილია, ანუ უკვე სიტყვა „სასტიკი“  ჩამატებულია.

– ბაღის შინაგანაწესს ვინ ამტკციებს?

– ბაღების გაერთიანების დირექტორი… მოკლედ, ბაღების გაერთიანების დირექტორმა, იმის გამო, რომ თავისივე უკანონო ბრძანება „გაეპრავებინა“, ოფიციალური დოკუმენტი შეცვალა.

– ესე იგი, სახეზე დოკუმენტის გაყალბებაა?

– ამას გამოძიება დაადგენს. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ ბაღების გაერთიანების დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი შემოიარეს და შინაგანაწესის ის ფურცელი შეცვალეს, სადაც სიტყვა „სასტიკი“ არ ეწერა.

– ისე, ბატონო გიორგი, ამ დავაში სოფლის მოსხლეობა და მშობლები ვის მხარეს არიან?

– მთელმა სოფელმა იცის, რომ ქალბატონი მარინე მართალია, მაგრამ ჩვენ სამართლებრივი გზით მივდივართ, რომლითაც დასტურდება, რომ ქალბატონ მარინეზე პოლიტიკური დევნა და მისი დისკრიმინაცია ხორციელდება! სხვათა შორის, ამ საქმის მოკვლევას სახალხო დამცველის აპარატი აწარმოებს, რომელსაც ქალბატონმა მარინემ მიმართა…

– ჭადრის საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან როდის გაათავისუფლეს?

– ვიდრე გაათავისუფლებდნენ, ყურმოკვრით შევიტყვეთ, რომ 15 მარტის რიცხვით შედგენილია მონიტორინგის აქტი, რომლის პირველ გვერდზეც არაფერი წერია, მეორე-მესამე გვერდებზე კი რაღაც დარღვევებზეა ლაპარაკი, თუმცა ამ აქტის დანართებზე  ქალბატონ მარინეს ხელი არ აქვს მოწერილი. ამიტომ, 6 აპრილს, ბაღების გაერთიანებას განცხადებით მივმართეთ, თქვენს მიერ მარტში ჩატარებული აქტი მოგვეცითო. 11 აპრილს ბაღების გაერთიანებიდან პასუხს ვიღებთ, სადაც წერია, გთხოვთ, განგვიმარტოთ, სად ჩატარებული მონიტორინგის აქტს გვთხოვთო. ცხადია, პარიზის კი არა, სოფელ ჭანდრის საბავშვო ბაღში ჩატარებული მონიტორინგის აქტს ვითხოვდით… მოკლედ, გაერთიანების პასუხი იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის აქტი, სავარაუდოდ, არ არსებობდა, თორემ ხომ მოგვცემდნენ? ამის შემდეგ, განცხადებით ხელმეორედ მივმართეთ და მონიტორინგის აქტი ისევ მოვითხოვეთ. მართალია, მონიტორინგის აქტი ვერ მივიღეთ, მაგრამ სამაგიეროდ, 17 აპრილს, ქალბატონი მარინეს გათავისუფლების ბრძანება მივიღეთ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ გათავისუფლების საფუძვლად მონიტორინგის აქტი სახედლება, რომელიც თვალით არ გვინახავს და რომლითაც საბავშვო ბაღის მენეჯერს მდგომარეობის გამოსწორების ვადა თითქოს პირველ აპრილამდე ჰქონდა, მაგრამ რაკი არ გამოასწორა, ამიტომ გაათავისუფლეს.

– ბოლოს და ბოლოს, მონიტორინგის აქტი არსებობს თუ არა?

– მონიტორინგის ქსეროასლი 18 აპრილს გამოგვიგზავნეს.

– ანუ, მონიტორნგის აქტი მას შემდეგ შეადგინეს, რაც საბავშვო ბაღის მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლეს?

– ყოველ შემთხვევაში, აქტი მისი გათავისუფლების შემდეგ მოგვცეს. დავუშვათ, საბავშვო ბაღში ყველაფერი ცუდად იყო, მაგრამ ბაღების გაერთიანების შემოწმებამდე 5 დღით  ადრე საბავშვო ბაღი სურსათის უვნებლობამ შეამოწმა, რომელმაც დაწერა, ყველაფერი კარგადააო, ანუ გამოდის, რომ სურსათის უვნებლობამ დოკუმენტი გააყალბა, არა?

ამასაც თავი რომ დავანებოთ, მდგომარეობის გამოსწორების ვადას პირველ აპრილამდე რომ მაძლევ, ამის შესახებ რატომ არ მეუბნები?

სხვათა შორის, გვაქვს ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც საბავშვო ბაღის თანამშრომელბი ამბობენ, რა მონიტორინგის აქტზეა ლაპარაკი, იმ დღეს ბაღების გაერთიანების დირექტორი რომ მოვიდა, მხოლოდ გამგებლის სახელზე დაწერილი განცხადებები ეჭირა და შემოწმებაც არ ჩატარებულაო. ეს ფარული ჩანაწერი სარჩელს აქვს დართული. მოკლედ, პირველი მონიტორინგი არ ჩატარებულა, მეორედ კი, ინვენტარიზაცია-მონიტორინგი, მართლაც, ჩაატარეს და თქვეს, წინა აქტით მიცემული დარღვევები არ გამოასწორაო…

ყველაფერ ამის შემდეგ, სასამართლოს მარინე ბიღიაშვილ-მანიჟაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნით მივმართეთ და გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ორი დავა მიმდინარეობს: სასტიკი საყვედურის ბათილად ცნობასა და სამსახურში აღდგენაზე.

საერთოდ, ამ საქმეზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ აქცეტს მხოლოდ მნიშვნელოვან დეტალებზე გავაკეთებ: დაახლოებით, ივნისის დასაწყისში, მარინე ბიღიაშვილ-მანიჟაშვილთან საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვლისგან გაგზავნილი პიროვნება მიდის და ეუბნება, გავიგეთ, ჩვენი მხარდამჭერი არ ხარ და არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას აპირებ, მაგრამ იცოდე, პრობლემები შეგექმნებაო.

– სამსახურიდან გაათავისუფლეს და მეტი რაღა პრობლემა უნდა შეექმნას?

–  ქალბატონმა მარინემ ეს, ასე ვთქვათ, შუამავალი ასეთი პასუხით გაისტუმრა, ყველა შეხვედრაზე მოვალ და ვიტყვი, რა უსაქმურებიც ხართო. ამის შემდეგ, ანუ 4 ივნისს, შაბათ დღეს –  სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

– რის საფუძველზე?

– მეორე მონიტორინგის ჩატარების შემდეგ, საბავშვო ბაღის თანამშრომლებს, ზეწოლით, ახსნა-განმარტებები დააწერინეს, რომ საოფისე საქონლის, კერძოდ, ჭურჭლის სარეცხი ჟელის, ღრუბელის, ტუალეტის ქაღალდის (საერთო ჯამში, 15-25 ლარის ღირებულება) ჩამოწერის აქტებზე  მათი ხელმოწერები გაყალბებულია.

– ხელმოწერები იქნებ, მართლაც გაყალბებულია?

– ამაზე ჯერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა, თუმცა იყო შემთხვევა, როცა უფროსმა აღმზრდელმა ქალბატონ მარინეს დოკუმენტები თავზე დაახია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თან დაემუქრა, დოკუმენტებს კიდევ დაგიხევო და ამის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. გარდა ამისა, ოფისიდან ჟურნალი, ასევე, ხორცის მიღება-ჩაბარების აქტები დაიკარგა და ქალბატონმა მარინემ გაანახლა, ანუ საბავშვო ბაღში სეიფი არაა, დოკუმენტები მაგიდაზე ალაგია და არ გამოვრიცხავ, ვინმე სპეციალურად მივიდა და ხელი სხვის მაგვრად მოაწერა.

– ესე იგი, ქალბატონ მარინეს პროვკაცია მოუწყვეს?

– ჯერ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ასეთი ეჭვი მაქვს, რადგან უნდოდათ, თავიდან მოეცილებინათ…

მოკლედ, სისხლის სამართლის საქმე 4 ივნისს აღიძრა, 6-ში, დილით კი, ვიდრე თანამშრომლებს დაკითხავდნენ, საბავშო ბაღში ბაღების გაერთიანების დირექტორი მიდის და თანამშრომებს ზეწოლით დაწერილ  ახსნა-განმარტებების ქსეროასლებს ურიგებს და აფრთხილებს იგივე გაიმეორონ პოლიციაში.

– ბატონო გიორგი, საიდან ასკვნით, რომ ახნა-განმარტებები ზეწოლითაა დაწერილი?

– ყველა ახსნა-განმარტებას ეტყობა, რომ კარნახითაა დაწერილი, თან ყველა განცხადების ტექსტი ერთნაირია. არ შეიძლება, როცა მასწავლებელი ხარ, შენი ლექსიკა  არ გქონდეს. არადა, ყველა ახსნა-განმარტებაში ერთი და იგივე ტექსტია. მოკლედ, გაერთიანების დირეტორი ბაღის თანამშრომლებს ეუბნება, თუ პოლიციაშიც იგივეს არ იტყვით, რაც აქ დაწერეთ, იცოდეთ, შავ დღეში ჩაგაგდებთო. ამ ადამიანებმაც პოლიციაში იგივე გაიმეორეს.

– მოკლედ, საბავშვ ბაღის გათავისუფლებულ მენჯერს  იმაზე ედავებიან, რომ აქტებზე ხელი თანამშრომელთა ნაცვლად ხომ არ მოაწერა?

– დიახ, თუმცა იმას არავინ ამბობს, რომ სარეცხი ჟელე, ან ტუალეტის ქაღალდი სახლში წაიღო, თუმცა ნახეთ, გამომძიებელი კითხვას როგორ სვამს: საბავშვო ბაღში ტუალეტის ათი ქაღალდი შეიტანეთ, მაგრამ ამ ტულაეტის ქაღალდებს ჯგუფებში რატომ არ არიგებდითო? კი ბატონო, საბავშვო ბაღში ოთხი ჯგუფია, მაგრამ ტუალეტი ერთია და ტუალეტის ქაღალდი ჯგუფებში რატომ უნდა დაერიგებინა? ერთ-ერთი აღმზრდელი ამბობს, ჩემთვის სადეზინფექციო სითხე არ მოუციაო, მაგრამ აღმზრდელი ჯგუფშია და იქ, სადაც ბავშვები არიან, სადეზინფექციო სითხეს რა უნდა? სხვათა შორის, პოლიციის შენობაშიც ერთი ტუალეტია და გამომძიებელს ვკითხე, ტუალეტის ქაღალდებს გამომძიებლებს გირიგებენ თუ ტუალეტში დებენ-მეთქი?

– რა გიპასუხათ?

– არა, ტუალეტშიო. ჰოდა, საბავშვო ბაღში, იმ ოთახებში, სადაც ბავშვები არიან, ტუალეტის ქაღალდი რატომ უნდა შეიტანონ? მოკლედ, ყველაფერ აქედან გამომდინარე, ვსვამ კითხვას: ეს პიროვნების დევნა არის თუ არა?

 

ამ კითხვაზე პასუხს, ბუნებრივია, სასამართლო გასცემს, რომლის იმედიც გიორგი სიბაშვილს აქვს. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მარინე ბიღიაშვილი-მანიჟაშვილზე პოლიტიკური დევნა და დისკრიმინაცია იმიტომ ხდება, რომ „ქოცი“ ვერ გახადეს და ამას სასამართლოშიც დაადასტურებს. ვნახოთ, რა მოხდება – „თაიმერი“ ამ საქმეს თვალს აუცილებლად მიადევნებს.

 

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: კითხვები და შეფასებები რაც დაისვა იყო უსუსური
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: შევეხეთ პრობლემატურ საკითხებსაც, რომელიც ბიზნესს აქვს