13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

“ეს 30 წუთიანი საუბარი მხოლოდ ინტერვიუ არ ყოფილა” – როგორ იხსენებს ბერდია კალანდია პატრიარქთან ინტერვიუს?!

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ჟურნალისტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, იხსენებს 90-იანების მიწურულს და 2000-იანი წლების დასაწყისს, როცა მან ილია მეორესთან ინტერვიუ ჩაწერა:

“იყო დრო, როცა სიტყვას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. მას შეეძლო გაეერთიანებინა, ემკურნალა და იმედი დაებრუნებინა ადამიანებისთვის. სწორედ, ასეთ დროს მომეცა პატივი, ვყოფილიყავი აფხაზეთის ტელე-რადიო კომპანიის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი და ჩამეწერა ინტერვიუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.

ეს, 30 წუთიანი საუბარი მხოლოდ ინტერვიუ არ ყოფილა. ეს, იყო სულიერი დიალოგი, რომელიც გულის სიღრმეებს სწვდებოდა. პატრიარქი საუბრობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის ძმობაზე, იმ კავშირებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გვაერთიანებდა. მის სიტყვებში იგრძნობოდა სითბო, ტკივილი და ამავე დროს, უდიდესი იმედი, რომ ეს ძმობა კვლავ აღდგებოდა.

ის, არ საუბრობდა მხოლოდ წარსულზე. გვასწავლიდა, როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიყვარული მაშინაც კი, როცა ყველაზე რთული დრო დგას. მისი თითოეული სიტყვა, იყო მოწოდება შერიგებისკენ, მშვიდობისკენ, ერთმანეთის პატივისცემისკენ.

აფხაზეთის დაბრუნებაზე საუბრისას, მისი ტონი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური – ეს იყო სულიერი ხედვა, სადაც, მთავარი იყო ადამიანთა გულების შემობრუნება ერთმანეთისკენ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილი დაბრუნება იწყება არა მიწის, არამედ, ადამიანების შერიგებით.

დღესაც, როცა იმ ინტერვიუს ვიხსენებ, მახსენდება მისი სიმშვიდე და სიბრძნე. ეს იყო მომენტი, რომელმაც დამანახა, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა არ არის – ეს არის ისტორიის დაფიქსირება, იმედის შენარჩუნება და ადამიანების გულამდე მისვლა.

ეს ინტერვიუ ჩემთვის დარჩა როგორც პროფესიულ მიღწევად, ასევე, ცხოვრებისეულ გაკვეთილად – რწმენის, სიყვარულისა და შერიგების ძალაზე!” – წერს ბერდია კალანდია.

 

banner
წინა სტატიაშილევან სანიკიძე: ეპოქალურმა ფიგურამ დაგვტოვა, ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ილია მეორეს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: ილია II იყო ადამიანი, რომლის ირგვლივაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთიანდებოდა